წერილი შვილს - ილია თოფურია დაბრუნდა
12 საათის წინ
სხვა
1 წთ
ჯასტინ გეიჯისთან მარცხის შემდეგ, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში ემოციური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც საკუთარ ვაჟს, ჰუგოს უძღვნის და ამავდროულად, საზოგადოებას სრულად გამოჯანმრთელებეას და დაბრუნებას ამცნობს.
გთავაზობთ გამოქვეყნებული ვიდეოს თარგმანს:
ჰუგო, უკვე რამდენიმე დღეა შენზე ვფიქრობ... იმაზე, თუ რას გრძნობდი, როცა ჩემი დაცემა იხილე.
ვიცი, როგორ გეტკინა... როგორც მამა, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ეს მძიმე მომენტი აგერიდებინა, მაგრამ ამავდროულად მიხარია, რომ ეს გზა ერთად გავიარეთ, რადგან იმ დღემ ორივე უფრო ძლიერი გაგვხადა.
მინდა სამუდამოდ დაიმახსოვრო: ცხოვრებაში ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. ამაში ცუდი არაფერია. წაგება არ არის მთავარი - მთავარია, როგორ მარცხდები. რას ირჩევ იყო მაშინ, როცა ირგვლივ ყველაფერი ბნელდება, რას ირჩევ, როდესაც არჩევანი მხოლოდ ორ რამეს შორის რჩება, დარჩე იატაკზე, თუ კვლავ ფეხზე წამოდგე.
მჯერა, ღმერთმა ეს განსაცდელი სწორედ იმისთვის მომივლინა, რომ ესწავლებინა გაკვეთილი, რომელსაც ვერცერთი გამარჯვება ვერ მასწავლიდა.
ხასიათი მაშინ კი არ ყალიბდება, როდესაც ყველაფერი გეგმისამებრ მიდის, არამედ მაშინ ვლინდება, როცა ცხოვრება ყველაზე მძიმე დარტყმას მოგაყენებს.
და იცი, რა აღმოვაჩინე? ამ ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.
რადგან ჩემპიონი ის კი არ არის, ვინც არასდროს ეცემა - ჩემპიონია ის, ვინც წამოსადგომად მიზეზს ყოველთვის პოულობს.
ეს არის ერთადერთი რამ, რაც შენთვის მინდა: არა ის, რომ ყოველთვის გაიმარჯვო, არამედ ის, რომ მარცხის არასდროს შეგეშინდეს. რომ ვერცერთმა მარცხმა ვერ გაბედოს იმის განსაზღვრა, თუ ვინ ხარ შენ.
ამას მხოლოდ შენ წყვეტ. რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ გახსოვდეს:
ხასიათი - ეს არის ერთადერთი გამარჯვება, რომელსაც ვერავინ წაგართმევს. - გვესმის ილია თოფურიას მიმართვაში