საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ჩაატარა
საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა ისტორიული, პირველი შეხვედრა ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართა. ტიტე კალანდაძის გუნდი "ნარინჯისფრებთან" 34:29 დამარცხდა.
ჩვენი ნაკრების ბომბარდირი 9 გოლით გიორგი ცხოვრებაძე გახდა, თეიმურაზ ორჯონიკიძემ და ერეკლე არსენაშვილმა კი ნიდერლანდებს შესაბამისად, 7 და 6 გოლი გაუტანეს. მატჩის საუკეთესო ხელბურთელად გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა.
ქართველები E ჯგუფში ბოსნიასთან, შვედეთთან და ნიდერლანდებთან ერთად არიან. ჩვენი გუნდი მომავალ შეხვვედრებს 13 იანვარს ჯერ შვედეთის, 15 იანვარს კი ბოსნიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ტურნირს გერმანიის ექვსი ქალაქი – დიუსელდორფი, კიოლნი, ბერლინი, ჰამბურგი, მანჰაიმი და მიუნხენი მასპინძლობენ. ჩვენი ჯგუფის თამაშები მანჰაიმში, "საპ არრენაზე" ტარდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს უდავო ლიდერი, ნიკოლოზ კალანდაძე ვერ ეხმარება, მან საფრანგეთის ჩემპიონატში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.