საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ბოსნიას მნიშვნელოვანი მატჩი მოუგო
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ბოსნია და ჰერცეგოვინის ნაკრები თბილისში მიიღო და 28:26 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძე გახდა, რომელმაც ბოსნიელებს 11 გოლი გაუტანა.
საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ჯგუფში საქართველო ისლანდიასთან, საბერძნეთთან და ბოსნიასთან ერთად იმყოფება. დღევანდელი გამარჯვება, საქართველოსთვის პირველია, წინა 2 შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთთან 27:26 დავმარცხდით, ისლანდიასთან კი თბილისში დავთმეთ შეხვედრა (25:30).
ახლა ჯგუფში პირველ ადგილს ისლანდია იკავებს 6 ქულით, დანარჩენ 3 გუნდს 2 ქულა აქვთ, თუმცა დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, მეორე ადგილზე საქართველოა. ევრო 2026-ის საკვალიფიკაციოზე 32 ნაკრები 8 ოთხგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული, ფინალურ ეტაპზე კი ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი მატჩები:
16 მარტი | ბოსნია და ჰერცეგოვინა – საქართველო
8 მაისი | საქართველო – საბერძნეთი
11 მაისი | ისლანდია – საქართველო