რა დანიშნულება აქვთ მინიატურულ მანქანებს პარიზის ოლიმპიადაზე?
მინიატურული ავტომობილები, რომლებსაც ევრო 2020-ზე და სხვა დიდ ტურნირებზეც შეხვდებოდით, პარიზის ოლიმპიადაზეც გამოჩნდა. თავდაპირველად, TOYOTA-ს ბრენდის პატარა ავტომობილები საფრანგეთის ოლიმპიადის მასკოტთან (ფრიგე - ტრადიციული ფრანგული ქუდი) ერთად წარადგინეს და ეს ნიშნავდა, რომ ბოლო წლების ტრადიცია 2024 წლის ოლიმპიადაზეც გაგრძელდებოდა.
უკანასკნელი დიდი სპორტული ტურნირების მიმდინარეობისას, ეს მექანიკური საშუალებები "დამხმარის" როლს ასრულებენ, ისინი ეგრედწოდებული "ბოლ-ბოის" ერთგვარი ჩამნაცვლებლები არიან. პარიზის ოლიმპიადაზე, განსაკუთრებით მძლეოსნობის შეჯიბრებების დროს, ხშირად დავინახავდით ამ მინიატურ მანქანებს, რომლებიც მინდორზე მოძრაობენ და დისტანციურად იმართებიან. მათ დანიშნულების ადგილზე გადააქვთ სპორტსმენების მიერ ნასროლი შუბები, ბირთვები ან დისკები. არსებობენ მოხალისეებიც, რომლებიც მიმოფანტულ ეკიპირებას აგროვებენ და ამ მანქანებში ინახავენ, რათა სპორტული ღონისძიებისთვის განკუთვნილი ადგილი სუფთად შენარჩუნდეს.