ქართველი ძიუდოისტები, რომელებიც პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებენ
27 ივლისი - 3 აგვისტოს პერიოდში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს შეჯიბრი გაიმართება.
პარიზის ოლიმპიური თამაშების მოახლოებასთან ერთად, უკვე ცნობილი გახდა ყველა ნაკრების შემადგენლობა, რომლითაც ისინი ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ.
ჩვენ კი გთავაზობთ იმ წარმოშობით ქართველი სპორტსმენების სიას, რომლებიც, პარიზის ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნის სახელით იასპარეზებენ.
უშანგი კოკაური (აზერბაიჯანი)
უშანგი კოკაური საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტია, რომელიც პარიზის ოლიმპიადაზე აზერბაიჯანის ნაკრებს დაეხმარება.
უშანგი კოკაური საქართველოს 3-გზის ჩემპიონია ახალგაზრდებში (2009, 2010, 2011 წლებში). მისი პირველი დიდი შეჯიბრი აზებრიჯანის სახელით 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშები იყო.
უშანგი კოკაური პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე განთესილი არ იქნება.
ვაჩიდ ბორჩაშვილი (ავსტრია)
ვაჩიდ ბორჩაშვილი წარმოშობით ქისტია. იგი პანკისის ხეობაში დაიბადა და ღრმა ბავშვობიდან მის ძმებთან და ოჯახთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრა საცხოვრებლად.
მას შემდეგ იგი ავსტრიის ნაკრების ღირსებას 2013 წლიდან იცავს და პარიზშიც სწორედ ავსტრიის სახელით იასპარეზებს.
ლუკა მხეიძე (საფრანგეთი)
28 წლის ლუკა მხეიძე საქართველოში, კერძოდ კი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტია, რომელიც ბავშვობიდან საფრანგეთში წავიდა საცხოვრებლად და მას შემდეგ საფრანგეთის ნაკრების ღირსებას იცავს.
მხეიძე ყოველწლიურად, მინიმუმ 2-3-ჯერ მაინც ჩამოდის თბილისში და გარკვეულ პერიოდს სწორედ დედაქალაქში ატარებს ხოლმე.
ლუკა მხეიძე საფრანგეთის ასაკობრივ ნაკრებში 2013 წლიდან იმყოფებოდა. იგი საფრანგეთის ჩემპიონი ერთხელ გახდა, ერთხელ კი მოიგო ბრინჯაოსა და ვერცხლის მედლები.
ლუკა მხეიძე 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანია, პარიზში კი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.
თორნიკე ჭკადუა (ნიდერლანდები)
თორნიკე ჭკადუა 27 წლის ქართველ-ნიდერლანდელი ძიუდოისტია. მას ქართველი მშობლები ჰყავს, თუმცა იგი ნიდერლანდებში, კერძოდ კი ლეუვარდენში დაიბადა.
იგი საქართველოს საკმაოდ ხშირი სტუმარია და საქართველოს მოქალაქეობაც აქვს.
თორნიკე ჭკადუასთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეორე იქნება, მან პირველად ტოკიოში იასპარეზა, თუმცა უმედლოდ დარჩა, მას შემდეგ კი ნიდერლანდების სახელით 5 მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა მედლის მოპოვება ვერცერთხელ ვერ შეძლო.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)
ნიკოლოზ შერაზადიშვილი თბილისში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტია, რომელიც 14 წლიდან ესპანეთში ოჯახთან ერთად წავიდა საცხოვრებლად, მას შემდეგ კი სწორედ ესპანეთში დარჩა და კარიერის გაგრძლება ესპანეთის ნაკრების სახელით გადაწყვიტა.
იგი ესპანური ძიუდოს ისტორიაში პირველი ფალავანი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა (2018 წელს). მან მეორედ მსოფლიო ჩემპიონობა კი 2021 წელს შეძლო.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი ყველაზე წარმატებული ძიუდოისტია, რომელსაც ესპანეთის სახელით ოდესმე უასპარეზია. ნიკოს 5 გრანდ სლემი აქვს მოგებული, ერთი მასტერსი და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონია.
შერაზადიშვილისთვის პარიზის ოლიმპიური თამაშები კარიერაში მეორე იქნება.
ტრისტან მოსახლიშვილი (ესპანეთი)
ტრისტან მოსახლიშვილიც ნიკოლოზ შერაზადიშვილის მსგავსად, საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ძიუდოისტია.
მოსახლიშვილი თელავში დაიბადა და 2020 წლამდე საქართველოში ჭიდაობდა. მან 2017 წელს, საქართველოს შიდა ჩემპიონატზე, 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.
2019 წელს ესპანეთში წავიდა, 2021 წელს კი ესპანეთის შიდა ჩემპიონატი მოიგო 90 კგ წონით კატეგორიაში და მას შემდეგ ეროვნულ ნაკრებში თავი დაიმკვირდა.
მოსახლიშვილმა 2023 წელს ესპანეთის ნაკრების სახელით ასტანის გრანდ სლემი მოიგო, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა - ეს ბრინჯაოს მედალი მის კარიერაში ყველაზე დიდი მიღწევაა.
ვანო რევაზიშვილი/ვედატ ალბაირაქი (თურქეთი)
წარმოშობით ქართველი ძიუდოისტი ვანო რევაზიშვილი ყაზახეთში დაიბადა, თუმცა მას ქართველი მამა ჰყავს და საქართველოსთანაც დიდი კავშირი აქვს - იგი საქართველოში ცხოვრობს.
ვანო რევაზიშვილი უძლიერესი ძიუდოისტია - იგი 2-გზის ევროპის ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული (2018 წელს), ოლიმპიადებზე კი მისი მაქსიმუმი შედეგი 1/32 ეტაპია.
ვანო რევაზიშვილი 2016 წლამდე საბერძნეთის სახელით ასპარეზობდა სადაც მისი სახელი რომან მოუსტოპულოსი იყო, 2018 წლიდან კი თურქეთის სახელით ასპარეზობს, სადაც მისი სახელი - ვედატ ალბაირაქია.
ვანო რევაზიშვილისთვის პარიზის გრანდ სლემი კარიერაში მესამე ოლიმპიური თამაშები იქნება.
ნუგზარ ტატალაშვილი (გაერთიანებული საამიროები)
ნუგზატ ტატალაშვილი გორში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას მრავალი წლის განმავლობაში იცავდა.
34 წლის ქართველ ძიუდოისტს საქართველოს ნაკრებში 28 მედალი აქვს მოპოვებული.
ტატალაშვილი 2022 წლიდან გაერთიანებული არაბეთის სახელით ასპარეზობს და ოლიმპიადაზე კარიერაში მეორედ იასპარეზებს. ტატალაშვილმა პირველად 2012 წლის ოლიმპიადაზე იასპარეზებს, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.