Belive

მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | დღე IV - ტატამზე 3 ქართველს ვიხილავთ

5 თვის წინ სხვა
3 წთ

13 ივნისიდან, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 19 ივნისს ინდივიდუალური ასპარეზობით დასრულდება, 20 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური პირველობა დახურავს.

მესამე საშეჯიბრო დღეს, ეთერ ლიპარტელიანმა ტრიუმფით დაასრულა და საქართველოს ნაკრებს პირველი და თანაც ოქროს მედალი მოუპოვა, რითაც იგი ისტორიაში პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონობა შეძლო.

ასე და ამგავარად, 3 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 ოქროს მედალია.

IV საშეჯიბრო დღეს კი ტატამზე მოქმედ და ჯამში 3-გზის მსოფლიო ჩემპიონს - ტატო გრიგალაშვილს, დებიუტანტ - ზაურ დვალაშვილსა და ეთერ ასკილაშვილს ვიხილავთ.

81 კგ

81 კგ-ში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ტატო გრიგალაშვილი და ზაურ დვალაშვილი.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ტატო გრიგალაშვილი ასპარეზობას D ბადეში დაიწყებს, სადაც განთესილი იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც ვენესუელელ - ლუის პრესიადოსა და წარმოშობით ქართველს, თურქეთის სახელით მოასპარეზე - ვედატ ალბაირაქს (ვანო რევაზიშვილს) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, ტატო გრიგალაშვილის სავარაუდო მეტოქე ჩილელი - ხორხე პერესი იქნება. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტატოს ბადეში ბელგიელი - მატიას კასეც ჰყავს, რომელსაც 1/4-ფინალში გადაეკვეთება.

ზაურ დვალაშვილს სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი ექნება და იგი დიდებში მსოფლიოს პირველობაზე პირველად იჭიდავებს. 23 წლის ქართველი B ბადეში განუთესავია და ასპარეზობაში პირველივე რაუნდიდან ერთვება, სადაც შვეიცარიელ - აურელიენ ბონფერონის შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მისი მეტოქე, კანადელი - ფრანკოს გატიე დრაპე იქნება.

ზაურ დვალაშვილს ბადეში ჰყავს მოქმედი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე გამარჯვებული, რუსი - ტიმურ არბუზოვი, რომელსაც 1/4-ფინალში გასვლის შემთხვევაში დაუპირისპირდება.

63 კგ

63 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ეთერ ასკილაშვილი იჭიდავებს.

პირდაპირ რომ ვთქვათ, 21 წლის ქართველი საკმაოდ რთულ ბადეშია მოხვედრილი - იგი განუთესავია და ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან იწყებს, სადაც ჩინელ - ჯინ ტანგს დაუპირისპირდება, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, იაპონელ - ჰარუკა კაიუს შეხვდება.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები