პრევიუ| დინამო თბილისი VS დინამო ბათუმი
2 წლის წინ
სხვა
8 წთ
სატურნირო მდგომარეობა
განსხვავებით წინა ორი სეზონისგან, მიმდინარე გათამაშებაში თბილისური და ბათუმური "დინამოები" ტიტულისკენ თანაბრად სვლას ვერ ახერხებენ და 10 ტურის შემდეგ განსხვავებული ამბიციები აქვთ. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი 10 ტურის შემდეგ დაგროვილი 23 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ჩემპიონის აქტივში 7 გამარჯვება და 3 ფრეა - ერთადერთი მარცხი გუნდმა გორის "დილასთან" მეოთხე ტურში განიცადა. ბათუმელები ამ უკანასკნელს, რომელიც მეორე პოზიციაზეა, 4 ქულით უსწრებენ. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდს ამ სეზონში ყველაზე მეტი გატანილი (25) და ყველაზე ცოტა გაშვებული (7) გოლი აქვს და შესაბამისად გატანილ/გაშვებული გოლების ბალანსითაც საუკეთესოა +18. რაც შეეხება საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს, "დინამო თბილისს" ჯერჯერობით საუკეთესო სამეულში დამკვიდრებაც კი უჭირს და 9 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 15 ქულა აქვს დაგროვებული (4 მოგება, 3 ფრე). დედაქალაქელებმა აქამდე 11 გოლი გაიტანეს, საკუთარ კარში კი 8 მიიღეს (+3). კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი მეოთხე პოზიციას იკავებს, თუმცა აქ ბოლო ტურის შეხვედრის შედეგი არ არის გათვალისწინებული, ვინაიდან მატჩი, რომელშიც "დინამო" ქუთაისის "ტორპედოს" მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ამოწურვამდე 2 წუთით ადრე ანგარიშით - 2:1 ამარცხებდა, ინციდენტის გამო შეწყდა და ჯერჯერობით, სფფ-ს ვერდიქტი მომხდართან დაკავშირებით უცნობია. იმ შემთხვევაში, თუ "დინამო თბილისს" აღნიშნულ მატჩში 3 ქულის მოპოვება ჩაეთვლება, მაშინ თავს 18 ქულას მოუყრის და ცხრილში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლებს, რა შედეგითაც უახლოეს მდევარ "საბურთალოს" 3 ქულით გაასწრებს.
სათამაშო ფორმა
- ეროვნულ ლიგაში "დინამო ბათუმს" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს - 5 გამარჯვება, 2 ფრე.
- ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 14 მატჩში მეტოქისთვის სულ მცირე 1 გოლი გააქვს.
- "დინამო ბათუმმა" ამ სეზონში, ეროვნულ ლიგაში 10 მატჩიდან 6-ში საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა.
- ამ სეზონში, ეროვნულ ლიგაში, "დინამო ბათუმის" ჩატარებულ 10 შეხვედრიდან 7-ში სულ მცირე 3 გოლი გავიდა.
- ამ სეზონში, ეროვნულ ლიგაში, "დინამო ბათუმმა" ჩატარებული 10 შეხვედრიდან 7-ში საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
- ამ სეზონში, ეროვნულ ლიგაში, "დინამო ბათუმს" მეტოქის სტადიონზე 5 შეხვედრა აქვს გამართული - 3 მოგება, 1 ფრე და 1 მარცხი, ამ შედეგით აჭარლები ჩემპიონატში პირველ პოზიციაზე არიან.
- ეროვნულ ლიგაში, "დინამო თბილისს" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს - 3 ფრე, 1 მარცხი.
- ეროვნულ ლიგაში, მიმდინარე სეზონში ჩატარებული 9 მატჩიდან, "დინამო თბილისმა" მეტოქეს სულ მცირე 2 გოლი მხოლოდ 3 შეხვედრაში გაუტანა, 3-ჯერ კი ამის გაკეთება საერთოდ ვერ მოახერხა.
- მეტოქის კარის აღების მსგავსად, "დინამო თბილისს" საკუთარი კარის მშრალად შენახვაც უჭირს - ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მათ ეს მხოლოდ 4-ჯერ შეძლეს.
- ამ სეზონში, ეროვნულ ლიგაში "დინამო თბილისის" მიერ ჩატარებული 9 მატჩიდან, მხოლოდ 3-ში გავიდა სულ მცირე 3 გოლი.
- ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში "დინამო თბილისმა" საშინაო კედლებში 5 მატჩიდან არცერთი არ წააგო - 4 გამარჯვება და 1 ფრე, ამ მაჩვენებლით გუნდი ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს.

ურთიერთშეხვედრები
ეს გუნდები ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ისტორიაში სულ 65-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც თბილისელებმა 41 მოიგეს, 13-ჯერ გამარჯვებას ბათუმელებმა მიაღწიეს, ხოლო 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა. ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიაში, იგულისხმება ეროვნული ჩემპიონატი, სულ 187 გოლი გავიდა, აქედან 126 თბილისურმა “დინამომ” შეაგდო, 61-ჯერ კი მეტოქის კარი ბათუმელებმა აიღეს. მიმდინარე სეზონში ამ გუნდების გზები მეორედ გადაიკვეთება, აქამდე გამართული პირველი წრის დაპირისპირება აჭარლებმა - 3:0 მოიგეს, იმ შეხვედრაში გოლები ჯოვინო ფლამარიონის (დუბლი) და ირაკლი ბიძინაშვილის აქტივშია. ბოლოს “დინამო თბილისმა” ბათუმური მოსახელე კლუბი 2020 წლის 12 სექტემბერს, ნეიტრალურ არენაზე, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე დაამარცხა (3:1), იქ გამარჯვებული გუნდის მხრიდან გოლები გიორგი გაბედავამ, ბაქარ ქარდავამ და გიორგი ზარიამ გაიტანეს, ერთი ბურთი კი ჯაბა ჯიღაურმა გაქვითა. ბოლო სამ სეზონში, ანუ მას მერე, რაც ბათუმელები ეროვნულ ლიგაში დაბრუნდნენ, უპირატესობა სწორედ მათ მხარესაა: 11 მატჩი, 6 მოგება, 3 ფრე, 2 მარცხი. ორი ყველაზე წარმატებული ქართული “დინამოს” დაპირისპირებების ისტორიაში, ყველაზე პოპულარული ანგარიში – 1:0 გახლავთ, ამ შედეგით რომელიმე გუნდმა 15-ჯერ იმარჯვა. ცხრა შემთხვევაში – 2:1, შვიდჯერ კი – 3:1 დაფიქსირდა. ამ გუნდებს შორის ყველაზე უხვგოლიანი დაპირისპირება 1994 წლის 18 სექტემბერს, ბათუმში შედგა, რომელშიც თბილისელებმა მეტოქე – 5:3 დაამარცხეს. საინტერესოა, რომ დედაქალაქელთაგან გატანილი ხუთივე გოლი ერთ გვართან ასოცირდება – არჩილ არველაძემ ჰეთ-თრიკი, შოთამ კი – დუბლი შეასრულა. ამ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრებში ერთი გუნდის ყველაზე დიდი უპირატესობა – 7:0 გახლავთ, რომელიც თბილისელებმა 2007 წლის 29 სექტემბერს დააფიქსირეს. რაც შეეხებათ ბათუმელებს, მათ ყველაზე დიდი სხვაობით 2004 და 2022 წელს იმარჯვეს – 3:0.სიახლეები შემადგენლობაში
"დინამო ბათუმი" აღნიშნულ დაპირისპირებას გამოკვეთილი ლიდერის, ჯოვინო ფლამარიონის გარეშე ჩაატარებს. საქართველოს მოქალაქეობის მქონე წარმოშობით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ტრავმა ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში, ბოლნისში "სიონის" წინააღმდეგ მიიღო და თავის გუნდს უახლოეს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება. რაც შეეხება "დინამო თბილისს", ქვეყნის 18-გზის ჩემპიონი პრინციპულ შეხვედრას დანაკლისის გარეშე ხვდება.