პარიზის ოლიმპიადაზე 61 წლის მაგიდის ჩოგბურთელმა იასპარეზა
ორშაბათს, ლუქსემბურგის სახელით მოასპარეზე 61 წლის ნი სიალიანი, გახდა ყველაზე ასაკოვანი მაგიდის ჩოგბურთელი, რომელმაც ოლიმპიადაზე მატჩის მოგება შეძლო.
გუშინ კი სიალიანი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, სუნ ინშას დაუპირისპირდა და ტურნირს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა. ინშა ვეტერან სპორტსმენზე 38 წლით უმცროსია, უფრო მეტიც, ჩინელი 9 წლით უმცროსია სიალიანის შვილზე.
ნი სიალიანმა მაგიდის ჩოგბურთის თამაში 7 წლის ასაკში, შანხაიში დაიწყო, 1983 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მალევე საცხოვრებლად ლუქსემბურგში გადავიდა და 6 ოლიმპიადაზე სწორედ ამ ქვეყნის სახელით იასპარეზა.
61 წლის ჩოგბურთელმა სუნ ინშასთან შეხვედრის შემდეგ აღიარა, რომ დაპირისპირებამდე ცოტას ნერვიულობდა:
,,მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეც ვიყავი, მაგრამ ეს 40 წლის წინ იყო! ვნერვიულობდი, ვიქნებოდი თუ არა საკმარისად კარგი, მაგრამ რომ არ მეთამაშა, ამას ვერასდროს გავიგებდი.
იმედია, ჩვენ ყველას დავუმტკიცეთ, რომ თამაში ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია!'' - ნი სიალიანი
სიალიანმა არაერთი სპორტსმენი შთააგონა, მათ შორისაა მისი ყოფილი თანაგუნდელი, ჟინგ ზენგი, რომელიც სპორტს 30-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ოლიმპიადაზე ჩილეს სახელით, 58 წლის ასაკში ითამაშა.
,,შარშან, როცა თამაში დავიწყე, ნი უკვე 60 წლის იყო. მისი შემხედვარე, დავრწმუნდი, რომ ფიზიკური ფორმის გაუმჯობესება მეც შემეძლო. ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითია.'' - ჟინგ ზენგი
ნი სიალიანი თამაშს არც 2028 წლის ოლიმპიადაზე გამორიცხავს:
,,ვინ იცის?! ახლახან ვფიქრობდი, რომ უკვე მოხუცი ვიყავი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვცდებოდი. ყოველთვის ვამბობ, დღეს უფრო ახალგაზრდა ხარ, ვიდრე - ხვალ!''