პაკისტანელ ოქროსმედალოსანს სამშობლოში დიდება და სიმდიდრე ელოდება
პაკისტანელმა შუბის მტყორცნელმა, არშად ნადიმმა ოლიმპიური ჩემპიონობა რეკორდული სროლით მოიპოვა და თავის ქვეყანას ნანატრი ოქროს მედალი მოუტანა. ნადიმმა შუბი 92.97 მეტრზე ტყორცნა და ამით ახალი ოლიმპიური რეკორდი დაამყარა.
პაკისტანის ისტორიაში ეს მხოლოდ მე-4 ოლიმპიური ოქროა, აქამდე მხოლოდ მათი ბალახის ჰოკეის ნაკრები ახერხებდა ოლიმპიურ ჩემპიონობას (1960, 1968 და 1984 წლებში). ინდივიდუალურ სახეობებში კი არშადი პირველი სპორტსმენია პაკისტანიდან, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა შეძლო. ბრინჯაო ჭიდაობაში 1960 წელს და ბრინჯაო კრივში 1988 წელს - სულ ესაა პაკისტანის ინდივიდუალური მიღწევები, ასე რომ, ნადიმის მიღწევამდე, 40 წელია ქვეყანას ოქროს მედალი არცერთ სახეობაში არ მოუგია.
ისტორიული შედეგის გამო, არშად ნადიმს დაფასებაც შესაბამისი ექნება. ცნობილია, რომ პაკისტანის მთავრობამ ოლიმპიური ჩემპიონს 4.5 მილიონი რუპია გადასცა, რაც 538 000 დოლარს აღემატება. სპორტსმენი ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი წევრისგან საჩუქრად დამატებით 100 000 დოლარს მიიღებს, ხოლო ქალაქ პენჯაბის გუბერნატორისგან 150 000 დოლარი ერგება.
ნადიმს 100 000 დოლარზე მეტს ჩუქნის სხვა ქალაქის მერი, მომღერალი ალი ზაფარი და კრიკეტის მოთამაშე აჰმად შაზადი (თითოეული მათგანი). პაკისტანის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ნადიმს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო მიენიჭება.
მთავრობის სპიკერმა გამოაცხადა, რომ ნადიმს ოქროს გვირგვინით დააჯილდოებენ. შუკურში ახალ სპორტულ სტადიონს ნადიმის სახელი დაერქმევა და ასევე ქალაქ ყარაჩიში "არშად ნადიმის მძლეოსნობის აკადემია" შეიქმნება.
ნადიმი პაკისტანში დღეს დაბრუნდა და მას მარშითა და გალობით დახვდნენ.