Belive

ოფიციალურად | მატიას კასე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

1 კვირის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 25 აპრილს აიღებს სტარტს და 28 აპრილის ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

რამდენიმე საათის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე 81 კგ წონით კატეგორიაში ვერ იასპარეზებს წონის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის 2-გზის ვიცე-ჩემპიონი - მატიას კასე, რომელიც ევროპის ჩემპიონატს მცირე ტრავმის გამო გამოტოვებს.

"მცირე ტრავმა მაქვს, სერიოზული არაფერი, შემეძლო ამ ტრავმითაც ჭიდაობა, თუმცა არ გავრისკავ, რადგან ოლიმპიური წელიწადია და რამდენიმე თვეში ოლიმპიადაზე უნდა მივიღო მონაწილეობა.

ძალიან მინდოდა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და პირველი ოქროს მედლის მოპოვება, თუმცა სამწუხაროდ ეს ყველაფერი წელს ვეღარ გამოვა.

ინდივიდუალურად ვერ ვიასპარეზებ, თუმცა შესაძლოა ბელგიის ნაკრებს გუნდურ ასპარეზობაში დავეხმარო, ვნახოთ თუ როგორ ფორმაში ვიქნები.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე, ვფიქრობ იმის შემდეგ ბევრად უფრო გავძლიერდი და შანსი მაქვს, რომ პარიზში ოქროს მედალი მოვიპოვო. ტოკიოს შემდეგ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად უფრო განვვითარდი, გავძლიერდი და ვფიქრობ, რომ რადიკალურად სხვა სპორტსმენი ვარ, ვიდრე ტოკიოში ვიყავი..." - მატიას კასე

ეს ყველაფერი კი ოქროს მედლისკენ გზას უხსნის ტატო გრიგალაშვილს, რომელიც 2-გზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია და ზაგრებში რიგით მესამედ შეეძლება ევროპის ჩემპიონობას.

სხვა სტატიები