მსოფლიო ჩემპიონატი 2025 | დღე V - ტატამზე ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებს ვიხილავთ
13 ივნისიდან, უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც 19 ივნისს ინდივიდუალური ასპარეზობით დასრულდება, 20 ივნისს კი მსოფლიო ჩემპიონატს გუნდური პირველობა დახურავს.
მეოთხე საშეჯიბრო დღეს, ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტატო გრიგალაშვილმა კარიერაში ზედიზედ მეხუთედ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლა.
ასე და ამგვარად, 4 საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 მედალია.
V საშეჯიბრო დღეს კი ტატამზე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე გამოვლენ.
90 კგ
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 90 კგ-ში ორი წარმომადგენელი გვეყოლება - ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე.
ლუკა მაისურაძე B ბადეში განუთესავია, შესაბამისად ასპარეზობას პირველივე რაუნდიდან იწყებს, სადაც აზერბაიჯანელ - ვუგარ თალიბოვს შეხვდება. აზერბაიჯანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, მაისურაძის მეტოქე, იტალიელი - კრისტიან პარლატი იქნება, 1/8-ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე, სერბი - ნემანია მაიდოვია.
რაც შეეხება ლაშა ბექაურს, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი C ბადეში განთესილია და პირველ რაუნდს გამოტოვებს, ასპარეზობას კი მეორე ეტაპიდან დაიწყებს - ბექაურის მეტოქე, სერბულ-ბელარუსულ დაპირისპირებაში გაირკვევა, 1/8-ფინალში კი მისი სავარაუდო მეტოქე, რუსი - მიხაილ იგოლნიკოვი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლაშა ბექაურს ბადეში ჰყავს იაპონელი - გოკი ტაჯიმაც.
ასე და ამგავარად, ქართველი ფალავნები სხვადასხვა ბადეებში არიან და საკმაო შანსია იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ ქართული ფინალი ვიხილოთ.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 13:00, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათიდან დაიწყება.