ლაშა გურულმა ფინალური ბრძოლის გაგრძელებაზე უარი თქვა - 2 ვერცხლი ევროპის ჩემპიონატიდან
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, 28 აპრილს, ქართული კრივისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო - ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ორი წარმომადგენელი - ლაშა გურული (67 კგ) და ესკერხან მადიევი (71 კგ) ჰყავდა. პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტის, 27 წლის გურულის მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში 23 წლის რუსი ტარხან იდიგოვი იყო. 26 წლის ესკერხან მადიევი კი ჩემპიონის ტიტულისთვის 22 წლის სერბ მოკრივეს, იოვან ნიკოლიჩს დაუპირისპირდა.
სკანდალური გამოდგა გურულის საფინალო ბრძოლა, საჩემპიონო დაპირისპირებაში, მსაჯთა არასწორი გადაწყვეტილებების შემდეგ, მე-3 რაუნდში ლაშამ რინგზე გასვლაზე უარი თქვა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალს დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ბრძოლის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების გულშემატკივრები და დელეგაციის წევრები სწორედ ლაშას ულოცავდნენ.
ესკერხან მადიევმა ფინალში გასასვლელად რთული გზა გაიარა და ოთხი ბრძოლა მოიგო. მადიევმა გზიდან ბელარუსი ალექსანდრ რაძიონალი, რუსი იგორ სვირიდჩენკოვი, აზერბაიჯანელი სარხან ალიევი და თურქ ერდემირ ტუგრულჰანს აჯობა. ფინალში კი მასპინძელ იოვან ნიკოლიჩს დაუპირისპირდა და შეხვედრა მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო.
წყარო: საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია