კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.
ისტორიაში პირველად ხდება, როცა თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენის შესაძლებლობა გულშემატკივარს აქვს. ამის გაკეთება მითითებულ ბმულზე გადასვლით და ხუთ შესაძლო კანდიდატს შორის 21 წლის ქართველი ტალანტის არჩევითაა შესაძლებელი.
გარდა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავისა, საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად პაულო დიბალა ("რომა"), ტეუნ კუპმაიერსი ("ატალანტა"), ლაუტარო მარტინესი ("ინტერი") და დუშან ვლაჰოვიჩი ("იუვენტუსი") იბრძვიან.
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ს საწყის 5 ტურში 4 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც 21 წლის ქართველი იტალიური საფეხბურთო ელიტის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. რაც შეეხება "ნაპოლის", 5 ტურის შემდეგ დაგროვილი 11 ქულით გუნდი პირველ პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას ქართველი ამომავალი ვარსკვლავის გუნდი 7 სექტემბერს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, საშინაო კედლებში, “ლივერპულის” წინააღმდეგ გამართავს.