Belive

ხაბიბ ნურმაგომედოვს UFC 254-ის ბრძოლის წინ უმძიმესი მომზადების გავლა მოუწია

3 წლის წინ სხვა
3 წთ

UFC 254-ის ივენთზე ჯასტინ გეიჯთან ტიტულისთვის გასამართი ბრძოლის წინ ნურმაგომედოვს მძიმე მომზადების გავლა მოუწია. ხაბიბისთვის გეიჯთან ბრძოლა პირველი იყო მამის გარდაცვალების შემდეგ, თანაც ნურმაგომედოვმა სულ რაღაც სამი კვირით ადრე ფეხი მოიტეხა. იმის პირველი ნიშანი, რომ ხაბიბს ფიზიკური სირთულეები ჰქონდა, კარგად გამოჩნდა წონის ჩაბარების დროს, როდესაც ის ძალიან დაძაბული ჩანდა, ხოლო დასრულების შემდეგ შვებით ამოისუნთქა. გამოქვეყნდა კადრები, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორი მძიმე იყო ხაბიბისთვის წონის კლების პროცესი გეიჯთან გასამართი ბრძოლის წინ.



კადრებში ჩანს, რომ დასუსტებულ ხაბიბს რამდენიმე ხელი ტანსაცმელი აცვია და სარბენ ბილიკზე ძალიან მტკივნეულ და რთულ კარდიო ვარჯიშს ასრულებს. ვარჯიშის მიზანი ბოლო რამდენიმე უნციის დაკლებაა, რათა ბრძოლისთვის საჭირო წონას მიაღწიოს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ხაბიბისთვის ვარჯიში დიდ ტკივილთან იყო დაკავშირებული და გადაადგილებაში მას გუნდის წევრების დახმარებაც კი დასჭირდა. ნამდვილად გასაკვირია, რომ ადამიანმა, რომელიც საკუთარი ძალებით ძლივს დგას ფეხზე, მოახერხა ოქტაგონზე გასვლა და ბრძოლის ჩატარება. ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ამერიკელი ჯასტინ გეიჯის დაპირისპირება აბუ დაბიში, "მებრძოლთა კუნძულზე" შედგა და ხაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. მეორე რაუნდის დასაწყისში ხაბიბმა მეტოქე სამმაგი მარყუჟით დააძინა და გამარჯვება ვადაზე ადრე მოიპოვა. ხაბიბისთვის ეს კარიერაში 29-ე გამარჯვება იყო. ბრძოლაში გამარჯვება 32 წლის მებრძოლმა ძალიან ემოციურად აღნიშნა, მან თავისი ბოლო გამარჯვება გარდაცვლილ მამას მიუძღვნა და ბრძოლის შემდგომ კომენტარში კარიერის დასრულების შესახებაც გააკეთა განცხადება. ხაბიბმა დედას პირობა მისცა, რომ ოქტაგონს მამის გარეშე აღარ დაუბრუნდებოდა, ნურმაგომედოვმა კარიერა 29 მოგებით დაასრულა, ის არც ერთხელ არ დამარცხებულა.  

სხვა სტატიები