კარლოს პრატესი UFC-ში თითო ბრძოლაში მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს
კარლოს პრატესმა UFC-სთან გაფორმებულ ახალ, საკმაოდ მომგებიან კონტრაქტზე ისაუბრა.
ბრაზილიელმა მებრძოლმა ორგანიზაციასთან ახალი, რვაჩხუბიანი ხელშეკრულება გააფორმა. მისი თქმით, კონტრაქტი თითოეულ ბრძოლაში 1 მილიონ დოლარზე მეტ ანაზღაურებას უზრუნველყოფს.
Fighters Weekly-სთან ინტერვიუში პრატესმა ახალი კონტრაქტის ფინანსურ პირობებზე გავრცელებულ ინფორმაციასაც უპასუხა.
„თითო ბრძოლაში 1 მილიონ დოლარზე მეტს ვიღებ. ძალიან ბედნიერი ვარ, ნამდვილად ძალიან ბედნიერი“
- კარლოს პრატესი
შემდეგ ბრაზილიელმა საკუთარ კარიერაზეც ისაუბრა. 33 წლის მებრძოლმა აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი UFC-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა, კარიერას კი მაშინ დაასრულებს, როდესაც ასპარეზობის მოტივაციას დაკარგავს.
„არ ვიცი, რვავე ბრძოლას ჩავატარებ თუ არა. შესაძლოა, მხოლოდ ორი, სამი ან ერთი ბრძოლა ჩავატარო. ვერ გეტყვით, როდის დავასრულებ კარიერას. შეიძლება ხვალვე წავიდე სპორტიდან, ან მომდევნო ბრძოლის შემდეგ. არ ვიცი. უბრალოდ, მინდა, დღევანდელი დღით ვიცხოვრო. ფულის გამომუშავება, ყველას დამარცხება და ჩემპიონობა მინდა. როცა ეს ყველაფერი მომბეზრდება, კარიერას დავასრულებ“ - კარლოს პრატესი
პრატესი იმედოვნებდა, რომ 2027 წლის იანვარში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლაში ისლამ მახაჩევს დაუპირისპირდებოდა, თუმცა მოქმედი ჩემპიონი ოქტაგონში დაბრუნებას მომავალი წლის რამადანის შემდეგ გეგმავს, შესაბამისად, ბრაზილიელი 30 იანვარს ტორონტოში, Scotiabank Arena-ზე გასამართ UFC 336-ზე დაუმარცხებელ მაიკლ მორალესს დროებითი ქამრისთვის დაუპირისპირდება.