Belive

ილია თოფურია: "ჩემმა ძმამ მხარი პირველივე წუთზე ამოიგდო"

6 საათის წინ სხვა
1 წთ

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში მესამე ბრძოლა ჩაატარა და სამწუხაროდ, მექსიკელ სანტიაგო ლუნასთან, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ალექსანდრეს UFC-ში აქამდე ბექზატ ალმახანი და კოლბი თიკნესი ჰყავდა დამარცხებული (ორივე მსაჯების გადაწყვეტილებით), თუმცა ამჯერად, მსაჯების შეფასებით, თავად დათმო ბრძოლა. ცხადი იყო, რომ ალექსანდრე საკუთარ თავს არ ჰგავდა - ამის მიზეზი ილია თოფურიამ, ვრცელი წერილით განმარტა.

გუშინ ჩვენს გზას კიდევ ერთი ღირებული გამოცდილება შევმატეთ. როგორც ყოველთვის ვამბობ, დიდება და ტკივილი ხელიხელჩაკიდებულნი დადიან.

ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მარცხენა მხარი ამოიგდო - ტრავმა, რომელმაც ბრძოლის მიმდინარეობა სრულიად შეცვალა. ბევრ თქვენგანს ალბათ უკვირდა, რა ხდებოდა, რატომ არ აკეთებდა კომბინაციებს, რატომ არ გადადიოდა პარტერში (თეიქდაუნებზე) ან რატომ იხევდა უკან.

პასუხი მარტივია: ჩვენ ვერ ვხედავდით იმ ალექსს, რომელსაც ყველა ვიცნობთ. ჩვენ ვუყურებდით მებრძოლს, რომელიც ამოვარდნილი მხრით ცდილობდა ასპარეზობას, ვერ იყენებდა თავის მთავარ იარაღებს, ვერ იცავდა თავს ისე, როგორც სჩვევია და იძულებული იყო ეწარმოებინა სრულიად სხვა ბრძოლა, ვიდრე ის, რისთვისაც ემზადებოდა.

და ასეთ ვითარებაშიც კი, მან ბრძოლა მსაჯების გაყოფილ გადაწყვეტილებამდე (split decision) მიიყვანა. ჩემთვის ეს ფაქტი მასზე გაცილებით მეტს მეტყველებს, ვიდრე ნებისმიერი შედეგი.

მხოლოდ პატივისცემა მის მეტოქეს. მან თავისი საქმე გააკეთა და სრულ დაფასებას იმსახურებს. არ ვცდილობ მისი დამსახურების დაკნინებას, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და ვფიქრობ: რა მოხდებოდა, ჩემს ძმას 100%-ით რომ შესძლებოდა ბრძოლა?

ახლა კი მინდა ერთი აზრი გაგიზიაროთ.

ჩვეულებრივ, ერთ წამსაც არ ვხარჯავ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი კომფორტული ცხოვრებიდან სხვების კრიტიკით არიან დაკავებულნი. ამ სპორტში მრავალი წელია ვარ და ვისწავლე, რომ გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვინც შენს დამცირებას შეეცდება, მაგრამ როდესაც საქმე ჩემს ძმას ეხება, გაჩუმებას არ ვაპირებ.

მათ, ვისაც სხვისი მარცხი ახარებს და ყველა შესაძლებლობას იყენებს საკუთარი იმედგაცრუების გადმოსანთხევად, ერთ რამეს გეტყვით: საკუთარი ცხოვრების აშენებაზე კონცენტრირდით. შური, ბოღმა და სიძულვილი, რომელსაც სხვებისკენ მიმართავთ, ჩვენზე არაფერს ამბობს - ის მხოლოდ იმ სამყაროს ააშკარავებს, რომელსაც საკუთარ თავში ატარებთ.

წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ცდილობდა ჩვენით სარგებლობას და იმის ნაცვლად, რომ ოდნავი მადლიერება მაინც გამოეხატათ იმისთვის, რაც მათთვის გაგვიკეთებია, ზოგიერთმა ზურგს უკან სიბინძურის გავრცელება და ჭორაობა ამჯობინა.

და თუ ახლა ამას კითხულობ და ფიქრობ, შენ გგულისხმობ თუ არა - დიახ, დიდი ალბათობით, სწორედ შენზე ვსაუბრობ. შენი დედაც.

ძმაო, შენით იმაზე მეტად ვამაყობ, ვიდრე ოდესმე. ვამაყობ შენი თავდაუზოგავი შრომით, გულითა და უნარით, არ დანებდე მაშინაც კი, როცა ყველაფერი შენ წინააღმდეგაა.

ამ წელმა ორივეს გვასწავლა, რომ ყველაზე კარგად მომზადებული მეომრებიც კი შეიძლება დაეცნენ. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რასაც ბევრი ვერასდროს გაიგებს: მარცხი არ განსაზღვრავს კაცს - მას განსაზღვრავს ის, თუ როგორ წამოდგება დაცემის შემდეგ. ჩვენ ყოველთვის ვდგებით.
2027 წელს ყველაფრის წასაღებად მოვდივართ! - წერს ილია თოფურია

სხვა სტატიები