ჰოკიტი თვალში თითის ჩარტყმის შედეგებზე: „მხედველობა ჯერ კიდევ არ აღმდგენია“
ჯოშ ჰოკიტი აცხადებს, რომ სირილ განთან საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აწუხებს. ამერიკელი ნანობს, რომ UFC 334-ის მთავარი ბრძოლის პირველ რაუნდში მიღებულ თვალში თითის ჩარტყმას საპასუხო უკანონო მოქმედებით არ უპასუხა.
„The Incredible Hok“-ის განცხადებით, მას მხედველობა ამ დრომდე სრულად არ აღდგენია და ერთ თვალში გამოსახულება კვლავ ბუნდოვანია. ჰოკიტმა გაიხსენა, რომ ბრძოლის წინ საკუთარ თავს პირობა მისცა: თუ განი აკრძალულ ილეთს გამოიყენებდა, თავადაც ანალოგიურად უპასუხებდა. თუმცა, საბოლოოდ, ეს განზრახვა არ განუხორციელებია.
„მთელი კვირის განმავლობაში ვამბობდი, თუ თვალში თითს ჩამარტყამს, მეც დაბლა დავარტყამ. თუ დაბლა დამარტყამს, მეც თავის უკანა ნაწილში დავარტყამ. თუ თავის უკანა ნაწილში დამარტყამს, დანას ჩავარტყამ. მაგრამ ამ ყველაფრიდან არაფერი გამიკეთებია. თვალი კვლავ დაბინდული მაქვს. ასე მოხდა და რა გაეწყობა. მისთვის თვალი უნდა დამეთხარა, ერთადერთი, რასაც ამ ბრძოლაში ვნანობ, ის არის, რომ რაღაც ცუდი არ გავაკეთე“ - ჯოშ ჰოკიტი
სირილ განი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა აკრძალული ილეთების გამო კრიტიკის ობიექტი. თვალში თითის ჩარტყმების შედეგად ტომ ასპინალმა სერიოზული პრობლემები მიიღო და საბოლოოდ საჩემპიონო ქამრის დატოვებაც მოუწია.
გარდა ამისა, ალექს პერეირასთან UFC Freedom 250-ის ბრძოლაში განის მხრიდან თავის უკანა ნაწილში განმეორებითი დარტყმების საკითხმაც დიდი ყურადღება მიიპყრო. ჰოკიტთან დაპირისპირებისას კი ფრანგმა მებრძოლმა პირველ რაუნდში თვალში თითი შემთხვევით ჩაარტყა მეტოქეს.