გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენთან დამარცხდა
11-თვიანი პაუზის შემდეგ, გიგა ჭიკაძე ოქტაგონს ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში, UFC304-ზე დაუბრუნდა. ქართველის მეტოქე ბრიტანელი არნოლდ ალენი იყო, რომელიც მაქს ჰოლოუეისთან და მოვსარ ევლოევთან მარცხების შემდეგ რეაბილიტაციას ცდილობდა, ჭიკაძე კი ალექს კასერესთან ბოლო გამარჯვების შემდეგ კარგი სერიის შენარჩუნების იმედზე იყო.
პირველი რაუნდი ჭიკაძის უპირატესობით მიმდინარეობდა. ქართველი სხვადასხვა სტილის დარტყმებით ხშირად ცვლიდა მეტოქის სამიზნე წერტილებს. იყო "ჰედქიქები", "ბოდიქიქები" და რამდენიმე ხელის პირდაპირიც გავიდა, ვერ ვიტყვით, რომ ალენის დაცვა სუსტი იყო, თუმცა პირველი 5 წუთი გიგას დომინაციით მიდიოდა. რაუნდის ბოლო წამებზე ჭიკაძის "მფრინავი მუხლი" მოწინააღმდეგეს გამართლების ხარჯზე ასცდა.
მეორე რაუნდიდან სიტუაცია შეიცვალა, რაღაც მომენტში გიგამ მარცხნიდან ცხვირში დარტყმა გაუშვა, რამაც მისი დაზიანება გამოიწვია. ქართველს სუნთქვა შედარებით აერია და მეორე რაუნდიც ნაწილობრივ თანაბარი იყო. არნოლდ ალენი ბოლო 5-წუთეულში უფრო ძლიერი დაბრუნდა და გაცილებით დასამახსოვრებელი დარტყმები გაატარა. ბრიტანელის მარცხენა "ჰუკი" რამდენჯერმე სუფთად მოხვდა გიგას, რამაც მსაჯების გადაწყვეტილებაზე იმოქმედა. როგორც ჩანს, მსაჯებმა შეხვედრის შემდეგ ქულები გადაანაწიილეს და სამივე რაუნდი ბრიტანელს მიანიჭეს - ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (29-28; 29-28; 29-28) გამარჯვება არნოლდ ალენს დარჩა.
გიგას UFC-ში ჩატარებულ 11 ბრძოლაში 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა ახლა კარგი დრო არ უდგას, რადგან უკანასკნელ 3 შეხვედრაში 2-ჯერ დამარცხდა, ჯერ იყო 2022 წელს კელვინ კატართან წაგება, ახლა კი ბრიტანელ არნოლდ ალენთან მარცხი.