Belive

ძიუდოს ყველა დროის რეკორდი | უტა აბემ ულან ბატორის გრანდ სლემი მოიგო

1 საათის წინ სხვა
2 წთ

19 ივნისიდან მონღოლეთის დედაქალაქი ულან ბატორი ძიუდოს გრანდ სლემს მასპინძლობს, რომელიც 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ 25 წლის იაპონელმა, 5-გზის მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა - უტა აბემ, ულან ბატორის გრანდ სლემზე ისტორიული რეკორდი დაამყარა.

იაპონელმა ძიუდოისტმა, უტა აბემ, ულან ბატორის გრანდ სლემზე 52 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან იტალიელი ოდეტ ჯუფრიდა დაამარცხა (მეტოქე არ გამოცხადდა). ტურნირის მსვლელობას თუ თვალს გადავავლებდით, აშკარა გახდებოდა, თუ რა დომინაციით გაიარა აბემ წინასწარი ეტაპები - იაპონელისთვის ეს გრანდ სლემის ტურნირებზე მე-12 ოქროს მედალია, რაც ქალთა ძიუდოს ისტორიაში ახალი რეკორდია.

ულან ბატორის გრანდ სლემი | 52 კგ წონითი კატეგორიის კვარცხლბეკი

ისტორიული გამარჯვების შემდეგ, უტა აბემ პირველი კომენტარიც გააკეთა.

"ჩემი ბოლო ბრძოლიდან დაახლოებით ნახევარი წელი იყო გასული, ამიტომ ცოტას ვნერვიულობდი. თუმცა, შევძელი ტატამის შეგრძნების დაბრუნება და საბოლოოდ კარგი გამოსვლა გამოვიდა.

ტურნირის მოგებასთან ერთად, ოლიმპიური საკვალიფიკაციო ქულებიც მოვიპოვეთ. ვფიქრობ, ლოს ანჯელესის ოლიმპიადისკენ კარგი სტარტი ავიღეთ. ჩემი შემდეგი შეჯიბრება ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და ყველაფერს გავაკეთებ იქ გასამარჯვებლად." - უტა აბე

ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს მთავარი ფიგურა უტა აბე იყო. მსოფლიოს ხუთგზის და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, კიდევ ერთხელ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის სრულიად სხვა დონეზე ასპარეზობს. მიუწვდომელი, შეუჩერებელი და შეურყეველი - ნებისმიერი ეს სიტყვა ზუსტად აღწერს იაპონელი ვარსკვლავის გამოსვლას, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი არაჩვეულებრივი ძალა, სიზუსტე და ტექნიკური უზადობა.

სხვა სტატიები