დიორა კელდიოროვა - ძიუდოს პირველი უზბეკი ოლიმპიური ჩემპიონი!
უზბეკური ძიუდოს ისტორიაში პირველად, ქვეყანას ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს და თანაც ქალთა შორის. ამ ისტორიული მიღწევის ავტორი - დიორა კელდიოროვაა, რომელმაც 52 კგ წონით კატეგორიაში ტატამზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.
ალბათ, თვალს თუ გადავავლებთ იმ სპორტსმენების ჩამონათვალს, რომლებიც უზბეკმა ძიუდოისტმა დაამარცხა, ეჭვი არავის შეეპარება, რომ იგი ოლიმპიურ ჩემპიონობას იმსახურებდა.
დიორა კელდიოროვამ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ იგი ნამდვილი მებრძოლია და ძიუდოს ტექნიკის შეუდარებელი არსენალი აქვს. არ დაგვავიწყდეს ის ყველაფერი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ წონით კატეგორიაზე, რომელშიც უძლიერესი ქალი ფალავნები: უტა აბე, დისტრია კრასნიქი, ამანდინ ბუშარი და ოდეტ გიუფრიდა ასპარეზობენ.
26 წლის უზბეკი გოგოს ოლიმპიური ჩემპიონობა არც გამართლება ყოფილა და არც სპორტული იღბალი. მან ოლიმპიადის დაწყებამდეც დაამტკიცა, რომ ამ წონით კატეგორიაში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ ოქროს მედლისთვის მიდიოდა.
პარიზის ოლიმპიადის დაწყებამდე, მოსამზადებელ ციკლში, დიორა კელდიოროვამ ბოლო 9 შეჯიბრიდან ყველა შეჯიბრზე მედალი მოიპოვა, აქედან 4 ოქროს სინჯის იყო, ერთ-ერთი კი თბილისის გრანდ სლემზე (2023 წელს) მოპოვებული ოქროა.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონისა და მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში შეხვდა.
26 წლის უზბეკმა ფალავანმა - დიორა კელდიოროვამ, პარიზის ოლიმპიური ოქროს მედლისთვის ბრძოლაში შემდეგი მეტოქეები დაამარცხა.
მეორე რაუნდი - უტა აბე (იაპონია)
1/4-ფინალი - მაშა ბალჰაუსი (გერმანია)
1/2-ფინალი - ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
ფინალი - დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
კელდიოროვას წარმატებით გამოწვეულმა სიხარულმა, მთელი უზბეკეთი მოიცვა. ბრძოლის დასრულებისა და ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ, 26 წლის ძიუდოისტს გასახდელში, უზბეკეთის პრეზიდენტმა დაურეკა, სპორტსმენს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველმა მიულოცა.
President of Uzbekistan Shavkat Mirziyoev has called by phone golden Olympics winner Diyora Keldiyorova to congratulate her, says his press-service @president_uz pic.twitter.com/LYUPzTvYTd
— Nikita Makarenko (@nikmccaren) July 28, 2024