დაბრუნება 2 წლის შემდეგ - გელა ზაალიშვილმა მალაგას ევროპის თასი მოიგო
ესპანეთში ჩატარებულ ტურნირზე (მალაგას ევროპის თასი), ტატამიზე 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გელა ზაალიშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა.
26 წლის ქართველმა სპორტსმენმა 4 ორთაბრძოლა ჩაატარა და ოთხივეში იპონით გაიმარჯვა (+100 კგ). წინასწარ შეხვედრებში, ზაალიშვილმა ჯერ ბრიტანელ ჯეიმს უელერ-ჰენრის სძლია, შემდეგ კი ადგილობრივ როდრიგო გარსია როხას. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ზაალიშვილმა თურქი, მუნირ ერტუგი დააიპონა, ფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ადნან ხანკანი დაამარცხა.
ტურნირში მონაწილეობას კიდევ 2 ქართველი ძიუდოისტი იღებდა: ჯუმბერ მელაძე (81 კგ) და მიხეილ კუპრაშვილი (90 კგ). კუპრაშვილმა აღნიშნულ შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აღსანიშნავია, რომ ის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან, ტიმურ არბუზოვთან დამარცხდა.