Belive

"ჩემს მიზანს უნდა მივაღწიო" - ილია თოფურია

4 თვის წინ სხვა
1 წთ

ილია თოფურიას საჩემპიონო ბრძოლამდე თითქმის ორი თვე რჩება. ტემპერატურა ნელ-ნელა იწევს და ბრძოლის მიმართ ინტერესიც უფრო და უფრო იზრდება. ქართველი მებრძოლი მის ძმასთან - ალექსანდრე თოფურიასთან ერთად, ერთ-ერთ პოდკასტში მიიწვიეს. Wall Street Wolverine-თან ვრცელი საუბრისას ილია ბევრ თემას შეეხო.

- ბრძოლა, გალია, ადრენალინი და ეს ყველაფერი დამოკიდებულებას იწვევს?

- დამოკიდებულებას მაშინ გრძნობ როცა შენს მიზანთან ძალიან ახლოს ხარ. ამ მომენტში არ შემიძლია გაჩერება. ჩემს მიზანს უნდა მივაღწიო. ჩემი მთავარი მიზანია: გავხდე ჩემპიონი და UFC ესპანეთში ჩამოვიტანო.

- ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში როცა ბრძოლა გეგმის მიხედვით არ წასულა, როცა თქვენმა წინასწარ შედგენილმა გეგმამ არ გაამართლა?

- ჩემი და ჩემი ძმის უპირატესობა ის არის, რომ ყველა ასპექტში დახელოვნებულები ვართ. კარგები ვართ როგორც დგომში, ისე გრეპლინგსა და მიწაზე კონტროლში. ასე რომ, ყველა ოპონენტთან შემიძლია გამკლავება. ყველა სიტუაციიდან მაქვს გამოსავალი. ფიზიკურადაც ბევრს ვემზადებით. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ბრძოლა 3-რაუნდიანი იქნება თუ 5-რაუნდიანი.

- რატომ უთხარი ვოლკანოვსკის, რომ ის დაბალია?

- არა, მე მას ვუთხარი, რომ ის ჯუჯაა. მას უნდა, რომ გაკვეთილი ჩამიტაროს. ჩემზე ბევრი ილაპარაკა. მალე მას ლაპარაკიც კი აღარ შეეძლება.

- ფიქრობთ, რომ ახლა თქვენ ცხოვრების საუკეთესო მომენტი გიდგათ?

- ჩვენ არაფრიდან მოვდივართ. ბავშვობაში მხოლოდ დარბაზში დავდიოდით და იმაზეც კი ვერ ვოცნებობდით, რომ ორი ველოსიპედი გვქონოდა. გვინდოდა, რომ ერთი გვქონოდა და ორივეს გამოგვეყენებინა. მაგრამ, ეს ხელ არ მიშლიდა, რომ ცხოვრებით სიამოვნება მიმეღო. როცა უკან ვიყურები ყველაფერი კარგად მახსენდება. მსიამოვნებს იმის გააზრება, რომ ასეთი რთული მომენტების გადალახვა შევძელი. - განაცხადა ილია თოფურიამ

აღსანიშნავია, რომ პოდკასტში ძმები თოფურიების მწვრთნელიც ჩაერთო. საუბრისას მან აღნიშნა, რომ ძმებში თავიდანვე დაინახა პოტენციალი.

ჩემს თავს თავისუფლად შემიძლია ოსტატების ოსტატი ვუწოდო, რადგან ამ ორი ბიჭის მწვრთნელი ვარ. სიამაყით ვივსები, როცა ვხედავ როგორ იზრდებიან ყველა ასპექტში. მათში უზარმაზარი პოტენციალი დავინახე. ისინი სულ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ის ძმური სიყვარული მუდამ გააჩნდათ. მაშინ კი, როცა ერთმანეთის მოკვლას ცდილობდნენ, ერთმანეთზე ზრუნავდნენ. ერთმანეთს ტკივილს აყენებდნენ, მაგრამ ეს ორივეს ზრდიდა. თუ ვინმე რომელიმეს დაზიანებას შეეცდება, ეს ორი ბიჭი ერთმანეთისთვის იბრძოლებს. - განაცხადა ძმები თოფურიების მთავარმა მწვრთნელმა
- თქვენთვის ყველაზე განსაკუთრებულ UFC-ს რომელი ბრძოლა იყო?

- რაიან ჰოლთან ბრძოლა ყველაზე განსაკუთრებული იყო. ეს ჭადრაკის პარტიას ჰგავდა. ის ცაცია იყო, რომელიც დგომიდან პარტერში მარტივად გადადიოდა. ფეხის მტკივნეულებზე ნადირობდა და ამისთვის სპეციალისტებთან ვარჯიში მოგვიწია.

ჯაი ჰარბერტთან ბრძოლაც განსაკუთრებული იყო. ეს "ქამბექის" მშვენიერი მაგალითია. როცა ილიამ პირველ რაუნდში თავში დარტყმა გაატარა . . . - უპასუხა ალექსანდრემ
- ამ დარტყმისას რა იგრძენი?

- საშინელება იყო. სახეში ფეხის დარტყმა სასიამოვნო არასდროს არის, დარტყმისთანავე ძირს დავეცი. სიტუაციაზე კონტროლი სრულად დავკარგე და მალევე წამოვდექი, ეს კადრებშიც კარგად ჩანს. მინახავს როცა მსგავსი დარტყმის შემდეგ, მებრძოლები ითიშებიან. თუმცა, იმ დღეს ღმერთს ჩემთვის სხვა გეგმა ჰქონდა. იმ ბრძოლაში მოწინააღმდეგის დანოკაუტებას ვგეგმავდი. როცა მოწინააღმდეგე გავთიშე ავგუსტინს გავხედე, გალიას იყო ჩაბღაუჭებული და ყვირილისგან კანკალებდა. სწორედ ასეთი მომენტები ქმნიან ისტორიას. - თქვა ილია თოფურიამ
- შენი აზრით პადისთან ბრძოლა შედგება თუ თავის არიდებას განაგრძობს?

- ის თავს არ მარიდებს. ჩემთან ბრძოლაზე ოცნებობს, მაგრამ ახლა ჩვენს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ვის არ უნდა ნომერ ერთ მებრძოლთან ჩხუბი? თუ გინდა, რომ შანსი მიიღო, ეს საქმით უნდა დაიმსახურო და არა ლაპარაკით. ის ჯერჯერობით ჩემს დონეზე არ არის. - ამბობს ილია თოფურია

შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და ივენთის მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო იქნება.

სხვა სტატიები