Belive

ავაზა სფფ-ს გადაეცა - თბილისის ერთ-ერთ მთავარ სპორტულ კომპლექსს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

1 წლის წინ სხვა
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თბილისის მერიისგან "ავაზა"-ს სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით მიიღო.

მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი სფფ-ის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოაწერეს.

„ჩემთვის ბედნიერი დღეა, რადგან მიხეილ მესხის სახელობის „ავაზა“-ს სკოლა დაუბრუნდა ფეხბურთს. ძალიან მალე აქ ვიხილავთ თანამედროვე სტანდარტების მოედნებს და ბავშვებს საშუალება ექნებათ უკეთეს პირობებში ითამაშონ ფეხბურთი.

ჩემი კარიერა სწორედ აქ დაიწყო და ორმაგად მიხარია დღევანდელი დღე. მადლობა მინდა გადავუხადო ამ სკოლას. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი თანამედროვე ცენტრი შეიქმნება და ბავშვებს, გოგონებს, ახალგაზრდებს, მოყვარულებს ექნებათ ფეხბურთის თამაშის საშუალება.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრება და მისი და დედაქალაქის მერიის უშუალო ჩართულობით ეს ადგილი დაუბრუნდა ფეხბურთს. აქ უამრავი მოთამაშე გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გვასახელებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ გაიზრდებიან“, - თქვა ლევან კობიაშვილმა. 

როგორც ცნობილია, "ავაზაზე" არსებულ მოედნებს და ადმინისტრაციულ შენობას სრულფასოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და იგი თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

სხვა სტატიები