Belive

15:13 | დინამო თბილისის დასანანი მარცხი იადრანთან

3 წლის წინ სხვა
4 წთ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, ხორვატულმა "იადრანმა" "დინამო თბილისს" უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 15:13 დაამარცხა. მატჩის დაწყებამდე, "იადრანი" უპირობო ფავორიტად იყო მიჩნეული, თუმცა როგორც თამაშმა აჩვენა, ეს მოსაზრება აზრს იყო მოკლებული და ზედმეტი თავდაჯერებულობის შედეგად, ხორვატულმა გუნდმა რთული გამარჯვება მოიპოვა. მატჩის ანგარიში "დინამომ" გახსნა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველ მეოთხედში გუნდი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, თუმცა საბოლოო ანგარიშზე მთავარი გავლენა მეორე და მესამე მეოთხედებში მიღებულმა შედეგმა (7:3, 4:2) მოახდინა. მეოთხე მეოთხედში, 7-ბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, "დინამოს" ბრძოლა არ შეუწყვეტია და სწორედ აქ გამოჩნდა, რომ ფიზიკური გამძლეობის თვალსაზრისით, თბილისური კლუბი გაცილებით ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში - "დინამომ" მეტოქეს 6 ბურთი გაუტანა (6:1), თუმცა თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. "იადრანის" შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა ნიკშა დობუდმა, რომელიც ცენტრიდან, გონივრული და ძლიერი პოზიციური თამაშით, "დინამო თბილისის" მოთამაშეებს არაერთ პრობლემას უქმნიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "დინამოელებმა" "იადრანის" მთავარი დამრტყმელი ძალის, კონსტანტინ ხარკოვის განეიტრალება შეძლეს, რომელმაც მეტოქის კარი მხოლოდ ერთხელ აიღო (1/5). "დინამოელთა" მხრიდან კი ჩინებული მატჩი ჩაატარა დუშან ვასიჩმა, რომელმაც მეტოქის კარი 4 გოლი გაუტანა და 1 ასისტი მიითვალა.

შეფასებები

"იადრანის" მოთამაშეების გამოცდილებასა და სათამაშო ხარისხზე საუბარი არც შეიძლება, ამ მხრივ არათანაბარი სიტუცია იყო, თუმცა ძალიან კარგია ის, რომ "დინამო თბილისი" ამან არ შეაჩერა. ჩვენ ვიგრძენით, რომ მიზანი ახლოს იყო, თუმცა საბოლოო შედეგში სიტყვა "ახლოს" საინტერესო აღარაა. კიდევ ვიმეორებ, კარგია ის, ყველა ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია მეტოქის ვინაობა დავივიწყოთ და თამაშში მაქსიმუმი ჩავდოთ", - განაცხადა "დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანოიევიჩმა. "ეს ძალიან რთული მატჩი იყო. ყველაზე ცუდი რამ მეორე მეოთხედში მოხდა. ამის შემდეგ, შევცვალეთ თამაში და ყველას ვაჩვენეთ, რომ ამ დონეზე თამაში შეგვიძლია", - თქვა "დინამო თბილისის" სერბმა ლეგიონერმა, დუშან ვასიჩმა. თამაშის დასრულების შემდეგ, ბრაზს ვერ მალავდა გუნდის მთავარი მწვრთნელი, მილე სმოდლაკა: "დინამო თბილისისგან ჩვენ კარგი გაკვეთილი მივიღეთ. თამაში კარგად დავიწყეთ და დიდი უპირატესობა მოვიპოვეთ, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა გვქონდა. რამდენიმე მოთამაშემ საკუთარი თავი გუნდზე წინ დააყენა და ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებთ", - განაცხადა სმოდლაკამ. "იადრანის" კაპიტნის, ანდჯელო შეტკას შეფასებით, მისმა გუნდმა არაერთი შეცდომა დაუშვა და ხორვატულ კლუბს გაუმართლა კიდეც, რომ მატჩის დასასრულს 3 ქულა მიითვალა: "ვიცოდით, რომ მარტივი მატჩი არ გველოდა, მაგრამ მწვავე შეცდომები დავუშვით. ჩვენმა მექოტემ ბოლო ნახევარში ძალიან კარგად ითამაშა და ბოლო სასტვენის ხმის გაგებამდე არ ნებდებოდა", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს თბილისური კლუბი 19 ნოემბერს, საშინაო არენაზე, "ბარსელონეტას" წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში, "ბრეშასთან" ანგარიშით 14:12 დამარცხდა.

იხილეთ მატჩის მიმოხილვა - იადრანი 15:13 დინამო თბილისი

სხვა სტატიები