Belive

UFC 2021 | ქართველი მებრძოლების ტრიუმფალური სვლა

2 წლის წინ სხვა
8 წთ

2021 წელი UFC-ის ქართველებისთვის განსაკუთრებული გამოდგა. უმნიშვნელოვანეს ბრძოლებში მოპოვებული გამარჯვებები, დამარცხებული ძლევამოსილი მეტოქეები და არაერთი გასაოცარი ემოცია, რომელიც მებრძოლებმა ქართველ გულშემატკივარს აჩუქეს. დასამახსოვრებელი მომენტების პარალელურად, იმედგაცრუებაც ვიხილეთ. სამწუხაროდ, UFC-ს ერთადერთმა ქართველმა ქალმა მებრძოლმა - ლიანა ჯოჯუამ ორგანიზაცია დატოვა. 2021 წელს ოქტაგონზე გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, რომანდ დოლიძე და ლიანა ჯოჯუა გავიდნენ. ქართველებმა UFC-ს ეგიდით გამართულ ივენთებზე 8 ბრძოლა გამართეს. 6 გამარჯვება და 2 მარცხი - ასეთია ჩვენი მებრძოლების მონაგარი. ორგანიზაციის კიდევ ერთი გამორჩეული ქართველი წევრი - გურამ ქუთათელაძე წელს ოქტაგონზე ვერ ვიხილეთ.

  • გიგა ჭიკაძე 2-0
  • მერაბ დვალიშვილი 2-0
  • ილია თოფურია 1-0
  • რომან დოლიძე 1-1
  • ლიანა ჯოჯუა 0-1
განსაკუთრებულ წარმატებას გიგა ჭიკაძემ და მერაბ დვალიშვილმა მიაღწიეს. ჭიკაძემ და დვალიშვილმა ოქტაგონზე 2-2 ბრძოლა გამართეს და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვეს. დვალიშვილმა მორაეში დაამარცხა. ჭიკაძემ ბარბოსა დაანოკაუტა. ილია თოფურიამ წელს მხოლოდ 1 ბრძოლა გამართა, რომელშიც გაიმარჯვა. რომან დოლიძემ 2 ბრძოლა გამართა. სამწუხაროდ, დოლიძე ჟაილსთან დამარცხდა, გამარჯვება კი სტაროპოლის წინააღმდეგ მოიპოვა. ლიანა ჯოჯუა 13 ნოემბერს კეისის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დამარცხდა.

გიგა ჭიკაძე

2021 წელს გიგა ჭიკაძემ UFC-ის ეგიდით 2 ბრძოლა გამართა. 1 მარტს ჭიკაძემ სვენსონი დაამარცხა, ხოლო 28 აგვისტოს სახელოვანი ბარბოსა დაანოკაუტა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში, ჭიკაძე მე-8 პოზიციაზე იმყოფება. ედსონ ბარბოსას დამარცხების შემდეგ, გიგა ჭიკაძემ 200 000 დოლარი გამოიმუშავა – 72 000 დოლარი გარანტირებული თანხა, 72 000 დოლარი მოგების ბონუსი, 50 000 დოლარი სანახაობის ბონუსი, 6 000 დოლარი კი სპონსორისგან (გიგას მეტოქემ, ედსონ ბარბოსამ 121 000 დოლარი მიიღო). გიგა ჭიკაძეს დივიზიონის ტოპ მებრძოლებთან დაპირისპირება სურს. 2022 წელს მას შესაძლებლობა მიეცემა კიდევ ერთი გამორჩეული მებრძოლის ბარიერი გადალახოს. 15 იანვარს გიგა ჭიკაძე კელვინ კატარს დაუპირისპირდება.
111

"ყოველთვის, როდესაც ჰოლოვეი რაღაც განსაკუთრებულს აკეთებს საკუთარ თავს ვეუბნები: “ძალიან მინდა მასთან დაპირისპირება.” ვფიქრობ, დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ, შესაძლოა ოცნება ამიხდეს და ჰოლოვეის ან რომელიმე მის ოპონენტს დავუპირისპირდე". “გეტყვით იმას, რისით თქმაც ძალიან მინდა: “თუ ფანებს, დანა უაითსა და შონ შელბის რაღაც განსაკუთრებულის ხილვა სურთ – ვფიქრობ, ჭიკაძე Vs. როდრიგესი ნამდვილად გამორჩეული ბრძოლა იქნება. მჯერა, რომ ეს ბრძოლა უნდა შედგეს. ეს იქნება ნამდვილი “მორტალ კომბატი”. იაირ როდრიგესს სიამოვნებით დავუპირისპირდები. უკანასკნელი თვეების განმავლობაში მან ბრძოლას თავი რამდენჯერმე აარიდა – შეუძლია მშვიდად იყოს, არც ისეთი სახიფათო ვარ”, – აღნიშნა გიგა ჭიკაძემ.

მერაბ დვალიშვილი

UFC-ის კიდებ ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი - მერაბ დვალიშვილი, ოქტაგონზე ორჯერ გავიდა. 1 მარტს, დვალიშვილმა კოდი სტამანი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა კოდი სტამანის დამარცხებით სულ 130 000 დოლარი გამოიმუშავა – 60 000 დოლარი გარანტირებული თანხა, 60 000 დოლარი მოგების ბონუსი, 10 000 დოლარი კი სპონსორისგან (მერაბის მეტოქემ, 45 000 დოლარი მიიღო). კოდი სტამანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, დვალიშვილმა ემოციები ვერ შეიკავა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
"ეს ჩემი ქვეყნის რუკაა, რომლის ნაწილიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თუ საქართველოს დაგუგლავთ, ასეთ გამოსახულებას ნახავთ, მაგრამ რუსეთის ოკუპაციის გამო, ახლა ასეთი ქვეყანა გვაქვს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია… მე ვისურვებდი, რომ… არ ვიცი, არ ვიცი, ეს პოლიტიკაა…"
25 სექტემბერს, მერაბ დვალიშვილი მარლონ მორაეშს დაუპირისპირდა. ბრძოლა მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში მერაბ დვალიშვილი 6 პოზიციით დაწინაურდა. ქვემსუბუქი (BANTAMWEIGHT) წონითი კატეგორიის განახლებულ რეიტინგში, დვალიშვილი მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს, ქართველი მებრძოლის თანაგუნდელი – ალჯამაინ სტერლინგი იკავებს.

ილია თოფურია 

10 ივლისს ილია თოფურია რაიან ჰოლს დაუპირისპირდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე თოფურიამ, რომელიც დაუმარცხებელის სტატუსს ატარებს, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ოპონენტი პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. აღნიშნული გამარჯვების შედეგად თოფურიას 44,000$ ხვდა წილად, მის ოპონენტს კი 41,000$. საყურადღებოა, რომ თოფურიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საკუთარ გამარჯვებაში 100%-ით იყო დარწმუნებული და თავს პლანეტის საუკეთესო მებრძოლად მიიჩნევს, ამჟამინდელი რეალობის თანახმად საპირისპირო აზრის გამოთქმა ნებისმიერ მებრძოლს გაუჭირდება, ვინაიდან ილია თითოეულ ორთაბრძოლაში ამტკიცებს, რომ საუკეთესოთა შორისაა. 2022 წლის 22 იანვარს, ილია თოფურია მოვსარ ევლოევს დაუპირისპირდება.

რომან დოლიძე 

2021 წელს, რომან დოლიძემ UFC-ის ეგიდით ორი ბრძოლა გამართა. 20 მარტს, დოლიძე ტრევინ ჟაილსის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დამარცხდა. 5 ივნისს, დოლიძემ ლაურეანო სტაროპოლი დაამარცხა. სტაროპოლისთან მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, დოლიძემ გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა – ქართველი მებრძოლი ძირითადად ბრძოლის სტილის გამო გააკრიტიკეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იგი საკმაოდ მაღალი დონის მებრძოლია, რომელსაც ბრძოლის კონტროლი უყვარს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლს კიდევ ერთი ბრძოლა უნდა გაემართა, თუმცა კორონავირუსის გამო ბრძოლა არ შედგა. UFC Fight Night 197-ზე, რომან დოლიძისა და კაილ დოკოსის ბრძოლა გაუქმდა. სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლის ბანაკში კოვიდ 19-თან დაკავშირებული პროტოკოლი დაირღვა.
62fd5ee0d1ef87b62

ლიანა ჯოჯუა 

UFC-ის ერთადერთმა ქართველმა ქალმა მებრძოლმა, 2021 წელს ორგანიზაციაში მხოლოდ ერთი და როგორც აღმოჩნდა უკანასკნელი ბრძოლა გამართა. ჯოჯუა ლას-ვეგასში, Syndicate MMA-ში ვარჯიშობდა და 1-წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონზე მისი კვლავ ხილვა საინტერესო უნდა ყოფილიყო. მიმომხილველების განსაკუთრებულ ინტერესს ქართველი მებრძოლის პროგრესის ხილვა წარმოადგენდა. სამწუხაროდ, 13 ნოემბერს გამართულ ბრძოლაში ჯოჯუა კორტნი კეისის წინააღმდეგ დამარცხდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯოჯუამ UFC-ი დატოვა.

 

სხვა სტატიები