Belive

ზუროსი: ,,იმედია, იტალია ბოლო 2 ტურში შემადგენლობას არ შეცვლის, ეს უსამართლობა იქნება''

2 წლის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, იტალიასთან წაგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ყოვლისა, მინდა მივულოცო ჩემს კალათბურთელებს, რადგან მხოლოდ მოგება არ არის მთავარი, მნიშვნელოვანია ბრძოლა და ჟინი. გუნდმა მთელი გული ჩადო თამაშში.

თოკომ შესანიშნავად იმუშავა, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ფანჯარამდე ტრავმის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე თამაში ჩაატარა. მას უნდოდა, რომ გუნდს დახმარებოდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი, რადგან ბევრი მოთამაშისთვის წარმოუდგენელია, ამდენი ხანი გაუცდეთ და ასე დაბრუნდნენ, თანაც რთულ მატჩში. ბევრი კალათბურთელი უგუნდოდ გვყავს, თამაშის რიტმიდან ამოვარდნილები არიან, მაგრამ მაინც მთელ გულს დებენ პარკეტზე.

ვიგებთ, როგორც გუნდი და ასევე, ვაგებთ, როგორც გუნდი. მე მჯერა ჩემი მოთამაშეების. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ. შემდეგ ფანჯარაში ორი თამაში უნდა მოვიგოთ.

დიდი მადლობა ქომაგებს, წარმოუდგენელი გულშემატკივრობა იყო. პირველ ნახევარში ისე კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ შეძახილებით გვიბიძგეს, რომ მატჩში დავბრუნებულიყავით.

ძალიან გამოცდილ გუნდთან დავმარცხდით, რომელსაც ევროლიგის 5 მოთამაშე ჰყავს. იმედია, იტალია შემდეგ ფანჯარაშიც ამ შემადგენლობით ითამაშებს და არ შეცვლის მოთამაშეებს, რადგან ეს სამართლიანი არ იქნება,'' - განაცხადა ზუროსმა.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა იტალის უმასპინძლა და 84:85 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გუნდი შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს 23 თებერვალს, ნიდერლანდებთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები