ზუროსი: ,,გუნდის შეფასება რთულია, თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე კარგ კონდიციაში ვართ''
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა, ეგვიპტესთან წაგებული მატჩი შეაფასა:
,,პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მოთამაშეებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი შეკრების დროს, რომელიც ჩვენი მოსამზადებელი პროცესის პირველი ეტაპია, ბოლომდე დაიხარჯნენ. ძალიან ბედნიერი ვარ ახალგაზრდა მოთამაშეების გამო. ისინი თავს არ ზოგავენ, დაიწყეს სისტემის უკეთ აღქმა. შესაბამისად, მგონია, რომ ძალიან მალე შესაძლებლობა გვექნება, ნაკრებში ახალი სისხლი ვიხილოთ.
მეორე მხრივ, დღეს რამდენიმე მოთამაშე გვაკლდა. გოგას მატჩის მიმდინარეობისას მცირე პრობლემები შეექმნა და მეორე ნახევარი აღარ უთამაშია. შენგელია განაცხადში არ ყოფილა, სანდრო მამუკელაშვილმა სრული დატვირთვით მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა. შესაბამისად, გუნდის შეფასება ძალიან რთულია. თუმცა, ამის მიუხედავად, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე კარგ კონდიციაში ვართ. საჭიროა, მეტი ვიმუშაოთ, ვითამაშოთ უკეთესი დაცვა, ვიყოთ უფრო აგრესიულები.
სამწუხაროდ და ამავდროულად საბედნიეროდ, უახლოეს მომავალში ორი ურთულესი მატჩი გველის - ერთი ლიეტუვის ნაკრებთან, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ლატვიასთან, რომელიც ასევე უძლიერესი ნაკრებია. ვეცდებით, ვისწავლოთ ძალიან ძლიერ მეტოქეებთან თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ერთად საკმარისად არ გვივარჯიშია.'' - განაცხადა ზუროსმა.
საქართველოს ნაკრები 30 ივლისს ლიეტუვაში გაემგზავრება, სადაც 1 აგვისტოს ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს კაუნასში დაუპირისპირდება, 5 აგვისტოს კი რიგაში ლატვია შეხვდება.