ვიქტორ ვემბანიამამ NBA-ში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა
ზედიზედ 5 წაგების შემდეგ, ,,სან ანტონიო სპურსმა'' ,,დეტროიტ პისტონსს'' სტუმრად 22-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 130:108 მოუგო.
მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 16 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
შედეგად, 20 წლის ასაკში ვემბანიამა გახდა ყველაზე ახალგაზრდა ცენტრი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლის გაფორმება შეძლო (გარდა ამისა, ფრანგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი ,,სპურსის'' ისტორიაში, რომელმაც სამმაგი შეასრულა).
დღევანდელ შეხვედრაში წუთნახევარი დაუთმეს სანდრო მამუკელაშვილს, რა დროშიც, ბუნებრივია, ქართველ ფორვარდს შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.
,,სან ანტონიო'' 6 მოგებითა და 30 წაგებით დასავლეთ კონფერენციის ბოლო, მე-15 პოზიციაზეა. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მომავალ მატჩს 13 იანვარს, ,,შარლოტ ჰორნეტსის'' წინააღმდეგ გამართავს.
Victor Wembanyama's first career triple-double 👏
— NBA TV (@NBATV) January 11, 2024
At 20 years old, @Wemby is the youngest center in NBA history to record a triple-double and he did it in just 21 minutes! pic.twitter.com/9K2dcTtrgq