თორნიკე შენგელია: "გვინდა ტურნირზე ჩვენი ნაკვალევი დავტოვოთ"
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ილიას ზუროსმა და თორნიკე შენგელიამ ოკინავაში გამართულ წინასატურნირო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.
მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენისთვის. გვინდა რომ ვისიამოვნოთ აქ გატარებული ყოველი წამით, ამასთან ერთად მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი თამაში და ვიყოთ კონკურენტუნარიანები.
მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, პირველად გავდივართ მსოფლიო ჩემპიონატზე. ბიჭები ყველა გამოძახებაზე მზად არიან ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგონ და მთელი ძალით იბრძოლონ პარკეტზე. ჩვენი ნაკრების კაპიტანმა - თოკომ, 3 თამაში ითამაშა 4 დღეში, როგორც ეროვნულში, ასევე თავის კლუბში. იტალიაში გაფრინდა რომ მატჩი ჩაეტარებინა და შემდეგ დღეს თბილისში დაბრუნდა. თითოეული კალათბურთელისთვის, ეს თავგანწირვა სამაგალითოა.
მიმაჩნია, რომ მსოფლიოზე თამაშს ვიმსახურებთ. ზოგი გუნდი აუტსაიდერად ითვლება, თუმცა ამასთან, კარგად ვიცით, რომ კალათბურთში ყველას შეუძლია ფავორიტის დამარცხება. უმნიშვნელოვანესია, რომ გუნდურად ვითამაშოთ და თითოეული დღის ბოლოს, ვნახავთ იმ შედეგს, რომელსაც მსოფლიოზე მივიღებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველა მომენტით ვისიამოვნებთ. - ილიას ზუროსი.
იაპონიაში 4-5 დღის წინ ჩამოვფრინდით. კუნძული ძალიან მოგვეწონა, ხალხი ძალიან კეთილგანწყობილია . ეს ჩვენი პირველი გამოჩენაა მსოფლიო ჩემპიონატზე, აქ ყოფნა ძალიან გვახარებს, თუმცა, ამავდროულად გვინდა ტურნირზე ჩვენი ნაკვალევი დავტოვოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ და შეძლებისდაგვარად, წინ წავიდეთ.
გავაუმჯობესეთ პერიმეტრი, შეგვიძლია შიგნით და გარეთ თანაბრად კარგად ვითამაშოთ. ამასთან, ხასიათი და მებრძოლი სული ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.
პირველ რიგში, კაბო ვერდესთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, შემდეგ უკვე მომდევნო თამაშებზე.
ჩვენი მიზანი იყო რომ მსოფლიოზე მოვხვედრილიყავით, ძალიან გვინდოდა იაპონიაში თამაში და მე ჩემი სტილით ვიწინასწარმეტყველე აქ ყოფნა.
ვიცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. კარგად ვიაზრებთ პირველი თამაშის მნიშვნელობას! ჩვენთვის უმთავრესია პარკეტზე გასვლის პირველივე წუთებიდან მეტოქეს დავანახოთ ჩვენი ფიზიკური და მენტალური სიძლიერე. გვინდა, რომ პირველი თამაშით მთელი ტურნირის საერთო ფონი შევქმნათ!
- თორნიკე შენგელია.
შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში კაბო-ვერდეს, სლოვენიასა და ვენესუელას დაუპირისპირდება.
წყარო: gbf.ge