Belive

სპურსმა და მეჯიქმა მოიგეს | ქართველები არ თამაშობენ

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

"ორლანდო მეჯიქმა" და "სან ანტონიო სპურსმა", საკუთარ არენებზე, NBA-ის რეგულარული სეზონის მომდევნო შეხვედრები ჩაატარეს. ორლანდომ "ტორონტო რაპტორსი" მარტივად 111:96 დაამარცხა, სპურსმა კი "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ გამარჯვება ოვერტაიმში მოიპოვა (122:115).

გოგა ბითაძეს მხოლოდ 2 წუთი და 44 წამი დაეთმო, რა დროშიც 1 მოხსნის გაკეთება მოასწრო, სპურსის რიგებში კი სანდრო მამუკელაშვილს საერთოდ არ უთამაშია.

ორლანდოს, როგორც ყოველთვის, პაოლო ბანკერომ ულიდერა, ამერიკელს 29 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. გუნდის მეორე და მესამე ყველაზე მაღალქულიანი მოთამაშეები ძმები ვაგნერები გახდნენ. ფრანცს 22 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი - მორიცს კი 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

სან ანტონიოს რიგებში დიდებული მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, ფრანგმა ტალანტმა 36 წუთი ითამაშა - 33 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი და 7 დაფარება ჰქონდა, ამას დავუმატოთ ისიც, რომ ვემბანიამა ძალიან სუფთა დაცვას თამაშობს, მას მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა. შეხვედრის ძირითადი დრო 110:110 დასრულდა, თუმცა დამატებულ 5 წუთში სპურსმა 7 ქულის სხვაობით, 12:5 გაიმარჯვა.

ორლანდო მეჯიქი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა, მათ 68 ჩატარებული შეხვედრიდან 40-ჯერ მოიგეს, ხოლო სან ანტონიო სპურსი დასავლეთის ბოლოადგილოსანია, პოპოვიჩის გუნდს სეზონში მხოლოდ 15 მოგება აქვს.

სხვა სტატიები