სკარიოლო: "უმჯობესია შენგელიასთან ერთად, ვიდრე მის წინააღმდეგ"
იტალიის ვიცე-ჩემპიონი და ევროთასის ტრიუმფატორი - "ვირტუს ბოლონია", საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანთან კონტრაქტს ოფიციალურად გაახანგრძლივებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, გავლენიანი იტალიური მედია საშუალებები ავრცელებენ. იტალიური მედიის ინფორმაციით, თორნიკე შენგელიასა და "ვირტუს ბოლონიას" შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. მხარეებმა ყველა დეტალი წარმატებით გაიარეს, სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს დღეებში ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება. იტალიურ საკალათბურთო კლუბს 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს, მისი ერთი წლით გახანაგრძლივების შესაძლებლობით. შენგელიასთან, კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ, მინიშნება სერჯიო სკარიოლომაც გააკეთა. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში, "ვირტუს ბოლონიას" მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა: "უკეთესია მასთან, ვიდრე მის წინააღმდეგ".
შეგახსენებთ, "ვირტუს ბოლონიას" პარალელურად, იტალიელი სპეციალისტი ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებს. 4 ივლისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და ოვერტაიმში 82:76 დაამარცხა, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 67:67 დასრულდა. შენგელიამ თამაშში 12 ქულა, 10 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.Better with Toko than against him 🙄…good vibes though…😉 pic.twitter.com/YmWa0Pd9IT — Sergio Scariolo (@sergioscariolo) July 4, 2022