Belive

სკარიოლო: "საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა, რომელსაც შერმადინისა და შენგელიას სახით საუკეთესო მოთამაშეები ჰყავს"

2 წლის წინ კალათბურთი
5 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. უპრინციპულესი შეხვედრა, 4 ივლისს, 19:00 საათზე, “თბილისი არენაზე” გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისათვის აშენებულ, ახალ არენაზე იასპარეზებს. უკრაინასთან განცდილი მარცხის (79:66) შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, რეაბილიტაციას ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ შეეცდება. ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში, გამარჯვების მოპოვების იმედს, ის გარემოებაც იძლევა, რომ სერჯო სკარიოლომ საკმაოდ გადახალისებულ შემადგენლობას უხმო.

ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელი - სერჯო სკარიოლო, იმ საფრთხეების შესახებ საუბრობს, რომელსაც ესპანეთი საქართველოსგან უნდა ელოდოს. "სახიფათო მეტოქე", რომელსაც წინა ხაზში "ბრუტალური" შემსრულებლები ჰყავს - ასე ფასდება საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მატჩის წინ.
"წინა ხაზში, თორნიკე შენგელიასა და გიორგი შერმადინის სახით, მათ ორი საუკეთესო კალათბურთელი ჰყავთ. არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი კარგი კალათბურთელი - ბექა ბურჯანაძე და ასევე, ტად მაკფადენი - ლიდერი, რომელიც დიდებული სროლით გამოირჩევა. სახლისგან შორს, საგარეო დაპირისპირებას თავისი წონა აქვს. საქართველო საკალათბურთო ქვეყანაა, რომელიც ისტორიაში პირველად ევრობასკეტის მასპინძლობისთვის, უდიდესი ენთუზიაზმითა და ვნებით ემზადება".
ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიჩნევს, რომ საქართველოსთან დაპირისპირება, ევრობასკეტისათვის მოსამზადებლად იდეალური შესაძლებლობაა: "ეს იქნება ძალიან მძიმე დაპირისპირება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ. ასევე, კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ და მოვემზადოთ აგვისტოსთვის, რათა ევრობასკეტს იდეალურ მზადყოფნაში შევხვდეთ". მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის ნაკრებს საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში მონაწილეობის მიღება გარანტირებული აქვს - სკარიოლო თვლის, რომ თითოეული გამარჯვება უმნიშვნელოვანესია.
"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული ასპარეზობისთვის, ამ მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ფაზაში ასპარეზობის უფლება გავინაღდეთ, მაგრამ, აუცილებელია, რომ მომდევნო ფაზას მნიშვნელოვანი გამარჯვებები შევმატოთ".  ყველაფერს აქვს ძლიერი და სუსტი მხარე. ექსტრემალურად რთულ ვითარებაში, დიდებული გუნდის წინააღმდეგ თამაშის დროს, ჩემთვის პრიორიტეტულია, ძლიერი მხარის კიდევ უფრო გაძლიერება და სისუსტის აღმოფხვრა. რადგან მოგვიწევს მაღალი ინტენსივობის და წნეხის ქვეშ თამაში".
მთავარი მწვრთნელის პარალელურად, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მისამართით, საქებარი სიტყვები არც კინო კოლომმა დაიშურა. ესპანეთის ნაკრების წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ თამაში, საკმაოდ რთულია.
"საქართველოს ნაკრები კარგადაა მომზადებული. საქართველოს მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავს. წილად გვხვდა პატივი ვითამაშოთ, გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი (ACB) მათთვის უცხო არაა - შერმადინი კვლავ ესპანურ კლუბში ასპარეზობს, შენგელია კი წლების განმავლობაში "ბასკონიას" ღირსებას იცავდა. ვიცით რამდენად ინტენსიურია წინა ხაზში მათი თამაში და ვიცით საკუთარ კედლებში, რამდენად სახიფათოა საქართველოს ნაკრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მატჩისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ. გასულ ტურში უკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები რეაბილიტაციას ჩვენს წინააღმდეგ შეეცდება. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს".
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ქვეჯგუფში ესპანეთისა და საქართველოს პირველი დაპირისპირება, ესპანეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები, ხაენში შესუსტებული შემადგენლობით, თორნიკე შენგელიას გარეშე ჩავიდა და 89:61 დამარცხდა. G ჯგუფს 4-დან 4 მოგებით ესპანეთის ნაკრები უდგას სათავეში. საქართველოს 5 მატჩში 3 გამარჯვება აქვს - მესამე ადგილს კი 2 მოგებით უკრაინა იკავებს. უკანასკნელ პოზიციაზე ჩრდილოეთ მაკედონია იმყოფება, რომელიც ქვეჯგუფში კვლავ მოუგებლად ასპარეზობს.  

სხვა სტატიები