შეუჩერებელი შენგელია და ვირტუსის მორიგი გამარჯვება ევროლიგაზე
ევროლიგის მე-6 ტურში, "ვირტუსმა" "ანადოლუ ეფესი" შინ 93:81 დაამარცხა და იტალიური კლუბი 2023 წლის სეზონში საოცარ სვლას განაგრძობს.
მატჩის მთავარი გმირი და MVP საქართველოს ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც პარკეტზე საკუთარი კლუბიდან ყველაზე დიდი დრო გაატარა და საკუთარი კლუბის გამარჯვებაში ლომის წვლილი შეიტანა.
თორნიკემ 31:11 წუთი ითამაშა, რა დროშიც მისი მონაგარი: 19 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა იყო.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ევროლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა. სწორედ "ანადოლუ ეფესთან" მატჩამდე მას კუთვნილი ჯილდო გადასცეს.
თორნიკე შენგელია ასევე ოქტომბრის თვის იტალიის სერია A-ს საუკეთესო კალათბურთელადაც დასახელდა.
ქართველი კალათბურთელი "ვირტუს ბოლონიასთან" ერთად საოცარ სეზონს ატარებს. ევროლიგაში განვლილი 6 ტურის შემდეგ, ბოლონიური კლუბის ანგარიშზე 5 გამარჯვებაა.
"ვირტუსი" შემდეგ მატჩს 9 ნოემბერს, "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.