შენგელია საკუთარ გუნდში ისევ საუკეთესო იყო | ვირტუსმა კრემონას მოუგო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-16 ტურში "ვირტუს ბოლონიამ" "კრემონას" უმასპინძლა და მეტოქე 81:63 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია უკვე მესამე მატჩია დაბრუნდა და შესანიშნავად გამოიყურება. თორნიკემ ტრავმის გამო 1 თვე გამოტოვა, ახლა კი 2 ევროლიგისა და ერთი სერია A-ს მატჩის ჩატარება მოასწრო და სამივე მათგანში ულიდერა გუნდს.
კრემონასთან შენგელიამ 21 წუთი ითამაშა და ამ დროში 15 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა 8-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზიდან კი მხოლოდ ერთხელ ააცილა. 15 ქულით ის ბოლონიელთა ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა - ასე იყო "ბაიერნთანაც", სადაც 20 ქულა ჩააგდო და MVP-ის ტიტულიც მიიღო.
იტალიის სერია A-ში ვირტუსს პრობლემები არ აქვს, გუნდმა 16-დან 12 თამაში მოიგო და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს 4 გუნდი იყოფს, რაც შეეხება ევროლიგას - იტალიელები დამაჯერებლად არ გამოიყურებიან, ვირტუსმა 22-დან 15 თამაში წააგო და მე-16 ადგილზეა.