Belive

შენგელია მე-7 ადგილზეა - ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების TOP 10

6 თვის წინ კალათბურთი
3 წთ

ევროლიგის ახალი 2023/2024 წლების სეზონი 5 ოქტომბერს დაიწყება და 2024 წლის 12 აპრილს დასრულდება. 

ევროლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე კი ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საკალათბურთო საიტმა - eurohoops.net-მა, ახალი სეზონის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელის სია გამოაქვეყნა, სადაც მე-7 პოზიციას, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი - თორნიკე შენგელია იკავებს. 

ევროლიგის ახალი სეზონის საუკეთესო 10-ეული კი შემდეგნაირად გამოიყურება. 

 

1. შეინ ლარკინი

ევროლიგის ახალი სეზონის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი - შეინ ლარკინი იქნება, რომელიც "ანადოლუ ეფესის" ღირსებას იცავს და ეს მისთვის თურქულ კლუბში ბოლო სეზონი იქნება. 

შეინ ლარკინის ანაზღაურება $4 მილიონი დოლარი იქნება. 

2. კოსტას სლუკასი

მეორე ყველაზე ანაზღაურებადი კალათბურთელი "პანათინაიკოსის" გამთამაშებელი - კოსტას სლუკასია. 

კოსტას სლუკასი სეზონში $2,8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 

3. კევინ პუნტერი

მესამე პოზიციას "პარტიზანის" აშშ-ელი ლეგიონერი - კევინ პუნტერი იკავებს, რომელიც 2021 წლიდან ბერძნული კლუბის ღირსებას იცავს. 

კევინ პუნტერი ევროლიგის ამ სეზონში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იქნება. იგი სეზონში $2,6 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 

4. ნიკოლა მიროტიჩი

ნიკოლა მიროტიჩი წლების განმავლობაში ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი იყო, თუმცა ახლა მეოთხე პოზიციას იკავებს. 

"ბარსელონადან" წასვლის შემდეგ, ნიკოლა მიროტიჩი "მილანში" გადავიდა, სადაც სეზონის განმავლობაში $2,5 მილიონი დოლარს გამოიმუშავებს. 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლა მიროტიჩს "ბარსელონამ" კონტრაქტი დაურღვია, რის გამოც კატალონიურ კლუბს ესპანელი კალათბურთელისთვის 20 მილიონი დოლარი აქვს ასანაზღაურებელი.

5. დარიუს ტომპსონი 

დარიუს ტომპსონი "ანადოლუ ეფესის" ახალი კალათბურთელია და აშშ-ელ კალათბურთელს თურქულ კლუბში ჯერ თამაში არ ჩაუტარებია. იგი "ბასკონიადან" გადავიდა და მისი სეზონური შემოსავალი $2,3 მილიონი დოლარი იქნება.

6. ვილი ჰერნანგომესი

7 წლიანი NBA-ს კარიერის შემდეგ, ვილი ჰერნანგომესი სამშობლოში დაბრუნდა, ამჯერად "ბარსელონას" რიგებში. 

ვილი ჰერნანგომესი კატალონიურ კლუბს ძალიან გააძლიერებს და მისი ყოველსეზონური შემოსავალი $2,2 მილიონი დოლარი იქნება. 

ვილი ჰერნანგომესი NBA-ში წასვლამდე, ევროპაში და კონკრეტულად ესპანეთში, "მადრიდის რეალში" თამაშობდა, 1 წლის განმავლობაში კი "ბეტისში" იყო განათხოვრებული. 

7. თორნიკე შენგელია

მეშვიდე პოზიციას საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელი - თორნიკე შენგელია იკავებს, რომელიც ევროლიგაში "ვირტუსის" მაისურით ზედიზედ მეორე სეზონს ჩაატარებს. 

თორნიკე შენგელია სეზონის განმავლობაში $2,1 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 

8-9-10 ადგილები

8-9-10 ადგილებს სამი კალათბურთელი: ვილ კლაიბერნი ("ანადოლუ ეფესი"); მაიკ ჯეიმსი ("მონაკო") და ნიკოლა მელი ("მილანი") ინაწილებენ. 

სეზონის განმავლობაში სამივე მათგანის ანაზღაურება $2 მილიონი დოლარი იქნება.

სხვა სტატიები