შენგელია 24 საათში 2 მატჩს ითამაშებს, თანაც 3275 კმ-ის დაშორებით
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია კიდევ ერთ რთულ გამოწვევაზე მიდის - ქართველი კალათბურთელი 24 საათის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან შეხვედრას ჩაატარებს, თანაც ერთმანეთისგან 3275 კილომეტრით დაშორებულ ლოკაციებზე.
შენგელია ეროვნულ გუნდს ფიბა-ს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ფანჯარაში დაეხმარება, თუმცა მანამდე საკლუბო ვალდებულება აქვს შესასრულებელი. ოთხშაბათს, 20:00 საათზე, დუბაი ევროლიგის მე-14 ტურში საკუთარ დარბაზში ბელგრადის პარტიზანს უმასპინძლებს. მატჩის დასრულებისთანავე, თორნიკე თვითმფრინავში ჩაჯდება და ათენში გაემგზავრება, სადაც მეორე დღეს, ხუთშაბათს, 22:00 საათზე, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც შენგელია მსგავს ნაბიჯს დგამს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშს. გასული წლის ნოემბერში, როდესაც ჯერ კიდევ ბარსელონას წევრი იყო, მჭიდრო გრაფიკის მიუხედავად, მაინც მოახერხა უკრაინასთან მატჩზე დროულად ჩასვლა. ასევე, გვახსოვს პერიოდი, როდესაც ვირტუსში ასპარეზობისას, სანაკრებო ვალდებულებების გამო, 4 დღეში 3 შეხვედრა ჩაატარა.
შენგელიას ასეთმა რთულმა გრაფიკმა ყურადღება უცხოურ მედიაშიც მიიქცია, მაგალითად, სერბული გამოცემა წერს: ,,თორნიკე საქართველოს ნაკრებისადმი ერთგულების საზღვრებს კვლავ აფართოებს.'' Basketnews კი სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს: ,,თორნიკე შენგელიას ერთგულება ახალ საფეხურზე აჰყავს.''
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში საქართველო 5 მოგებითა და 3 წაგებით მე-3 ადგილს იკავებს. ჩვენი გუნდი 26 ნოემბერს საბერძნეთს ესტუმრება, 29-ში კი პორტუგალიას უმასპინძლებს.