Belive

"შენ უნდა იყო შენი თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემი" - თორნიკე შენგელია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი დიდი სხვაობით 61:93 დაამარცხა. დომინანტური გამარჯვების შემდეგ თორნიკე შენგელიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ვიტყოდი, რომ ბოსნიასთან ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გველის, მე ამ თამაშში მხოლოდ ბრძოლას ველი. მათ ევრობასკეტზე უკვე დიდი განაცხადი გააკეთეს, როდესაც საბერძნეთი დაამარცხეს. ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან ჩვენთან სათამაშოდ, ჩვენ კი უნდა მოვბილიზდეთ, ყველანაირი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ, რომ საუკეთესო ფორმაში ვიყოთ, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად.

ვუყურე ბოსნიის და საბერძნეთის თამაშს და გულწრფელად, რომ ვთქვა არ ვფიქრობდი იმაზე შეეძლოთ თუ არა მათ საბერძნეთის დამარცხება, ფაქტია, რომ დაამარცხეს და ეს მათთვის დიდი პლიუსია, რადგან ჩვენს წინააღმდეგ, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშის წინ ასეთი შესანიშნავი შეხვედრის ჩატარებამ მათი თავდაჯერება გაზარდა. - თორნიკე შენგელია

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა საქართველოს ნაკრებს შანსი საბერძნეთთან, თუკი შენგელია და ბითაძე ითამაშებდნენ.

შემდეგი კითხვა. არ მინდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ეს კითხვა დაისვა და ჩვენმა მწვრთნელმა, ჯიკიჩმა პასუხი გასცა. - თორნიკე შენგელია

გადამწყვეტი თამაშის წინ...

შენ უნდა იყო შენი თანაგუნდელებისთვის მაგალითის მიმცემი, რადგან სწორედ შენ უნდა ულიდერო და ჯერ შენ უნდა გააკეთო ის, რასაც მათგან ითხოვ. ლიდერობის კუთხით თუ ვისაუბრებთ, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამაში არავინ გამოგყვება თუ შენ არ შეასრულებ. რასაც არ უნდა ქადაგებდე, აუცილებლად უნდა გააკეთო, მე სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობ. - თორნიკე შენგელია

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის გადამწყვეტ მატჩში ისლანდიის წინააღმდეგ თორნიკე შენგელიამაც ითამაშა. ამ ფაქტში ძალიან საპატივსაცემო და მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ მან 4 დღეში 3 თამაში ჩაატარა. თოკომ ჯერ ვირტუსთან ერთად ითამაშა, შემდეგ კი აღნიშნული მატჩისთვის ჩარტერული რეისით საქართველოში ჩამოვიდა, რომ ნაკრებს დახმარებოდა.

შენგელიამ გრაფიკზე ისაუბრა, თუ როგორ უწევთ კალათბურთელებს შეხვედრების ჩატარება:

როგორ შემიძლია გითხრათ, რომ ზედიზედ ორი თამაში ერთ ადგილას ჯოჯოხეთურია, როდესაც მე უკვე გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ჩვენ ყველანი ერთმანეთის კონკურენტები ვართ, გვინდა რაც შეიძლება მეტი ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ არსებობს გარკვეული საკონსულტაციო საბჭოები ან რაიმე მსგავსი, რომელიც გრაფიკს აკვირდება. დღეს არსებული გრაფიკი რამდენიმე წლის წინანდელთან შედარებით გარკვეული მიზეზების გამო შეიცვალა. ვნახოთ, შეცვლიან თუ არა რამეს შემდეგი ევრობასკეტისთვის. - თორნიკე შენგელია

შენგელიას ეს კომენტარი მხოლოდ ფიბას არ შეხებია, ის ამბობს, რომ:

მე ზოგადად კალათბურთზე ვსაუბრობ. ფიბა, ევროლიგა, მოთამაშეები, მწვრთნელები, ყველა იმ ერთი რამის ნაწილია, რასაც კალათბურთი ჰქვია. მე არ მინდა ვინმე კონკრეტული ადამიანის გამოყოფა, თუ გსურთ ჩემი გულწრფელი პასუხი უნდა დავსხდეთ და ამაზე ვისაუბროთ. - თორნიკე შენგელია

ჟურნალისტებმა ასევე შენგელიას ჰკითხეს ბარსელონასთან დადებული კონტრაქტის შესახებ, არის თუ არა რაიმე ტიპის შეზღუდვები რომელიმე კონკრეტულ თამაშთან დაკავშირებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შენგელიას პასუხი ასეთი იყო:

კომენტარის გარეშე. - თორნიკე შენგელია

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩს, საქართველოს ნაკრები ბოსნიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 4 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები