"შეგვიძლია ყველას წინააღმდეგ კონკურენტუნარიანი ვიყოთ" - გიორგი შერმადინმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა
ესპანური კლუბის "ტენერიფესა" და საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი შერმადინმა ქართული კალათბურთის ისტორიულ მიღწევაზე ისაუბრა.
ჩვენმა გუნდმა ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა, რომელიც 2023 წელს ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში გაიმართება. ამ მნიშვნელოვანი ტურნირის შესახებ გიორგი შერმადინმა Eurohoops-თან ისაუბრა.
"საქართველოს დიდი ზაფხული ელის. მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ვიასპარეზებთ. ყველა ძალიან აღელვებულია. ხალხი ძალიან ბედნიერია იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ეს ჩვენთვის დიდი მიღწევა იყო. მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და საქართველოს ფედერაციამ ზაფხულის გეგმებზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ამ თამაშებისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვეყოლება და შეგვიძლია ყველას წინააღმდეგ კონკურენტუნარიანი ვიყოთ. რა თქმა უნდა, არსებობენ დიდი გუნდები დიდი კალათბურთელებით, თუმცა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი მოთამაშეები, როგორებიც არიან შენგელია, ბითაძე და მამუკელაშვილი. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია კარგი კალათბურთის თამაში." - განაცხადა გიორგი შერმადინმა.
შეგახსენებთ, რომ 29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდება. ასევე ცნობილია საქართველოს ნაკრების სავარაუდო მეტოქეების ვინაობაც.