Belive

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების იტალიური შეკრება დაიწყო

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები იტალიაში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ტრევიზოში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელ მეორე ეტაპს გამართავს. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა გაფართოებული შემადგენლობით 1-დან 8 ივნისის ჩათვლით თბილისში ივარჯიშა, რის შემდეგაც შერჩეული 15 კალათბურთელით ნაკრები იტალიაში, სამწვრთნელო შეკრების ჩასატარებლად გაემგზავრა.

ნაკრებს იტალიაში შეუერთდება 3 კალათბურთელი – კაპიტანი თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, ჯო ტომასონი. სანდრო ნაკრებს 13 ივნისს, ამერიკიდან შეუერთდება, შენგელიას და ტომასონის შემატების საკითხი ამ კალათბურთელების კლუბებზეა დამოკიდებული, რომლებიც შესაბამისად იტალიისა და ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვიან და სანამ ყველაფერი არ დასრულდება, ისინი ნაკრებში ვერ გაემგზავრებიან. ნაკრებს ტრევიზოში შეუერთდება მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილიც, რომლის მონაკოც საფრანგეთის ჩემპიონობასთან ახლოსაა.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით თბილისური ვარჯიშების შედეგად იტალიაში გასამგზავრებლად ეს 15 კალათბურთელი შეირჩა:

რატი ანდრონიკაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, დავით კაკუშაძე, ალექსანდრე ფევაძე, ილია ლონდარიძე, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე, გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ავთანდილ ბახტაძე.

2 მოთამაშეს – კახაბერ ჯინჭარაძეს და ალექსანდრე ფევაძეს მცირე ტრავმა აწუხებთ. მათ თბილისში ბოლო ვარჯიშებში მონაწილეობა არ მიიღეს, თუმცა ხვალიდან ორივე შეზღუდვის გარეშე ჩაერთვებიან მზადების პროცესში.

ტრევიზოში 12-დღიანი ვარჯიშების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან საათნახევრის სავალზე მდებარე ქალაქ ტრენტოში გადაინაცვლებს, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩში, 23 ივნისს დაუპირისპირდება.

რაც ეეხება პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპს, ის ლატვიის დედაქალაქ რიგაში – 2-დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები