საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპი 3 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები სერბეთთან სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 63:54 დამარცხდა.
ვინაიდან, დღევანდელ შეხვედრას სატურნირო ცხრილისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია, ჩვენმა გუნდმა ლიდერების გარეშე, გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და განაცხადში არც თორნიკე შენგელია ყოფილა და არც გიორგი შერმადინი. თავის მხრივ, არაერთი წამყვანი მოთამაშე აკლდა სერბეთის ნაკრებსაც.
საქართველოს 17 ქულით, 4 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით ბექა ბურჯანაძემ ულიდერა. 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო გიორგი კორსანტიას ანგარიშზე.
მეტოქე გუნდის შემადგენლობაში 14 ქულით, 2 ასისტითა და 2 ჩაჭრით ალექსა ავრამოვიჩი გამოირჩა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა (3 მოგება, 3 მარცხი) და ევროპის ჩემპიონატის საგზური ზედიზედ მეექვსედ მოიპოვა.
წელს ევრობასკეტს კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია უმასპინძლებენ. ჩემპიონატი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.
ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება.