Belive

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა

2 თვის წინ კალათბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით თბილისური შეკრება დაასრულა. 1-დან 8 ივნისის ჩათვლით ჩვენი ეროვნული გუნდი გაფართოებული შემადგენლობით ვარჯიშობდა, საქართველოს ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში შეკრების მორიგ ეტაპს გაივლის.

ნაკრებს იტალიაში შეუერთდება კაპიტანი თორნიკე შენგელია, ამერიკელი ნატურალიზებული უკანახაზელი ჯო ტომასონი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი. ბითაძე თბილისურ შეკრებას 6 ივნისს შეუერთდა. ის ნაკრებს ტრევიზოში გაჰყვება და ვარჯიშებში აქტიურად 18 ივნისიდან, ანუ პირველ ოფიციალურ მატჩამდე 2 კვირით ადრე ჩაერთვება.

ჩვენს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება გიორგი შერმადინი, რომელსაც ნეკნის მოტეხილობა აქვს და ბექა ბურჯანაძე, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებს.

თავდაპირველად გამოძახებულთა სიაში არ იყო, თუმცა ესპანეთში გამართულ ნბა-ს კემპ “კალათბურთი საზღვრებს გარეშე”-დან დაბრუნებული ავთანდილ ბახტაძე ტრევიზოში მიემგზავრება. ნაკრებს დაუბრუნდნენ დუდა სანაძე და რატი ანდრონიკაშვილი, რომლებიც წინა ოფიციალურ მატჩებს ტრავმების გამო გამოაკლდნენ. საქართველოს ნაკრები ყოველდღიურად მოემზადება, რის შემდეგაც ტრევიზოდან ტრენტოში გაემგზავრება, სადაც 23 ივნისს, ასევე ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის სამზადისში მყოფ იტალიის ეროვნულ გუნდთან სპარინგ-მატჩს გამართავს.

მატჩის მეორე დღეს, საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაემგზავრება, სადაც საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე დასკვნით შეკრებას გამართავს. ჩვენი გუნდი ქალაქ იურმალაში დაბანაკდება, სადაც ვარჯიშებთან ერთად 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს – 26 ივნისს კამერუნთან, რომელიც რიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეა და ეგვიპტესთან, 28 ივნისს.

რიგაში ოლიმპიადის 1 საგზური გათამაშდება, რომელშიც 6 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი). ლატვიის გარდა ანალოგიური, 6-გუნდიანი საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება პუერტო რიკოში, ესპანეთსა და საბერძნეთში, სადაც ასევე ოლიმპიადის თითო საგზური გათამაშდება.

გათამაშების ფორმატის თანახმად, თითოეულ ლოკაციაზე მოასპარეზე 6 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და ერთი წრის შემდეგ ნახევარფინალში თითოდან 2-2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალში გუნდები ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან: A1 vs B2, B1 vs A2. ოლიმპიადის საგზურს ფინალის მომგები გუნდი მიიღებს.

შესაბამისად, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში რომ გავიდეს, ჯგუფში 2 მატჩიდან მინიმუმ 1 უნდა მოიგოს. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ჯგუფის მატჩებს 2 ივლისს მასპინძელ ლატვიასთან, ხოლო 4-ში – ფილიპინებთან გამართავს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია