Belive

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთში 15 კალათბურთელით შეიკრიბება

2 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრები ფინეთში 10 კალათბურთელით მიემგზავრება, სადაც 4 მოთამაშე დახვდება, ხოლო კაპიტანი თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს თამაშის დღეს, 21 ნოემბერს შეუერთდება. ჰელსინკის დედაქალაქში წამსვლელი 10 მოთამაშე ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა 17 ნოემბერს თბილისი არენაზე გამართული ვარჯიშის ბოლოს დაასახელა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა ვარჯიშის შემდეგ კომენტარი გააკეთეს:

რა თქმა უნდა ვიცით, რომ ძალიან ძნელი თამაშები იქნება, მით უმეტეს ფინეთი უკვე გასულია და დასაკარგი არაფერი აქვს. ისინი მშვიდ, ლაღ და სწრაფ კალათბურთს თამაშობენ, სათამაშო სტილი სამქულიანების სროლაზე აქვთ აწყობილი და ასევე ძალიან ათლეტური მოთამაშეები ჰყავთ.

რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თამაშები, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება მოვიპოვოთ. ყველა თამაში ჩვენთვის ფინალია, რადგან 2 წაგებით დავიწყეთ და უკვე აღარ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება.

გუნდის თითოეული კალათბურთელი მზად ვართ და ყველანაირად შევეცდებით ჩვენი მაქსიმუმის გაკეთებას. რამდენიმე დღეში სრული შემადგენლობითაც ვივარჯიშებთ და ვფიქრობ ტაქტიკურად მზად ვართ, ახლა მთავარია, რომ თამაშზე გადავიტანოთ ეს ყველაფერი. - დუდა სანაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს, როგორც იცით 2-დან 2 წაგება გვაქვს და ამ მატჩებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაქსიმალურად ადრე შევიკრიბეთ როგორც საჭირო იყო, დანარჩენი მოთამაშეები ფინეთში შემოგვიერთდებიან, მაგრამ აქ შეკრებაზე ვინც ვიყავით, 14 მოთამაშე ვარჯიშებზე მაქსიმუმი გავაკეთეთ. გუნდთან ერთად სუსტი და ძლიერი მხარეები განვიხილეთ, როგორც ჩვენი ასევე მოწინააღმდეგის და ვეცადეთ დაგვემუშავებინა ეს ყველაფერი როგორც საჭიროა, რადგან მოგეხსენებათ ძალიან მცირე დრო გვაქ მოსამზადებლად ამიტომ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. - კახა ჯინჭარაძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი
ძალიან მიხარია, ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო ნაკრებში თამაში და ახლა უკვე ფინეთთან 2 მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს მოსაგები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს ჩემი თამაშით დავეხმარო. - მათე ყავლაშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი

11 ნოემბრიდან ვარჯიში 10-მა კალათბურთელმა დაიწყო, რომლებსაც 14-ში “ქუთაისის” კალათბურთელები შეუერთდნენ, რომლებმაც 13 ნოემბერს იმერულ კლუბში ფიბა ევროპის თასზე ითამაშეს. 14-ში შეუერთდა ნაკრებს ვეტერანი დუდა სანაძე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილის გრაფიკი შეიცვალა და ის ფინეთში ნაკრებთან ერთად, 18 ნოემბერს ჩავა.

საქართველოს ნაკრებს ჰელსინკიში ანდრონიკაშვილთან ერთად გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და კამარ ბოლდუინი დახვდებიან, რომლებმაც გუშინ ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშეს. მოგეხსენებათ, ევროლიგის ორგანიზატორი ორგანიზაცია ულებ-ი ფიბა-ს კალენდარს არ უთანხმებს და 20-21 ნოემბერს ამ ევროტურნირის მატჩებია დაგეგმილი. შენგელიას გუნდი ვირტუსი 20 ნოემბერს ბოლონიაში თურქულ ფენერბაჰჩეს უმასპინძლებს და თორნიკე იმავე საღამოს ჰელსინკიში, ჩარტერული რეისით გაემგზავრება. 

თბილისიდან ჰელსინკიში ეროვნული ნაკრები ამ 10 მოთამაშით გაემგზავრება: 

  • გიორგი ოჩხიკიძე

  • ლუკა მაზიაშვილი

  • მათე ხატიაშვილი

  • ლუკა ლიკლიკაძე

  • მათე ყავლაშვილი

  • დუდა სანაძე

  • კახა ჯინჭარაძე

  • ალექსანდრე ფევაძე

  • გიორგი კორსანტია

  • ილია ლონდარიძე

შესაბამისად, ჰელსინკიში თავს მოიყრის 15 კალათბურთელი, რომელთაგან თამაშის წინა დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლებიც ფინეთთან მატჩის განაცხადში იქნებიან.

საქართველოს ნაკრები თბილისიდან ჰელსინკიში 10 კალათბურთელით დღეს გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში. აღნიშნული მატჩებისთვის მზადება ნაკრებმა ლეგიონერების გარეშე – 11 ნოემბრიდან დაიწყო, რადგან საზღვარგარეთ მყოფ კალათბურთელებს შიდაჩემპიონატისა და ევროტურნირების თამაშები აქვთ და სანამ ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარა ოფიციალურად არ გაიხსნება, ნაკრებში ვერ ჩამოვიდოდნენ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

სხვა სტატიები