საქართველოს 18-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
ხორვატიაში მიმდინარე 18-წლამდელთა საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე (B დივიზიონი), ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 83:66 დაამარცხა.
FIBA-ს 18-წლამდელთა ევრობასკეტის (B დივიზიონის) ჯგუფური ეტაპის მატჩი ოპატიას „დვორანა მარინო ცვეტკოვიჩის“ არენაზე გაიმართა. დიდ შესვენებაზე გუნდებს შორის სხვობა სულ რაღაც 1 ქულა იყო, თუმცა ბოლო ორ მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა მატჩის სადავეები სრულად ჩაიგდო ხელში და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.
საქართველოს ნაკრების შეტევებს გამთამაშებელი მათე ხატიაშვილი დირიჟორობდა, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 29:24 წუთში 11 ქულა, 9 პასი, 7 მოხსნა და 3 ჩაჭრა დააგროვა (მხოლოდ 1 დაკარგვით), პლუს-მინუს კოეფიციენტი +15 ჰქონდა, ხოლო სარგებლიანობის ინდექსმა (EFF) 21 შეადგინა. ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი - 17 ქულით მათე ყავლაშვილი გახდა, რომელმაც აქტივში 2 ჩაჭრა და 2 დაფარებაც ჩაიწერა. ორმაგი დუბლით გამოირჩია ილია სულაძე (11 ქულა, 10 მოხსნა), ხოლო დავით ფაჩულიამ გუნდს 13 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
სოლიდურად გამოიყურებოდა საქართველოს წინა ხაზიც: სანდრო შერვაშიძემ 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა, ილია ქურდაძემ გუნდს 9 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგოთა სკამიდან ჩართულმა საბა ფაჩულიამ თამაში მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა -16:16 წუთში 10 ქულა ჩააგდო და ყავლაშვილთან ერთად გუნდში საუკეთესო პლუს-მინუს მაჩვენებელი (+24) დააფიქსირა.
D ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად უნგრეთი, ბოსნია, ჩრდილოეთ მაკედონია და შვედეთი თამაშობენ - ანატოლი ბოისას გაწვრთნილი გუნდი 25 ივლისს, შვედეთის წინააღმდეგ ითამაშებს.