ათენში "აკროპოლისის თასი" მიმდინარეობს, სადაც საქართველოს ნაკრებიც იღებს მონაწილეობას. ჩვენმა გუნდმა პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ 88:101 დამარცხდა. დღეს საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე მასპინძელი საბერძნეთი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
ტურნირის ფავორიტთან მატჩს, რომელმაც პოლონეთს გუშინ 23 ქულით მოუგო, საქართველოს ნაკრები დანაკლისით ხვდება. ჩვენს გუნდს ვერ დაეხმარება კახა ჯინჭარაძე, რომელსაც თურქეთთან ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში ფეხი გადაუბრუნდა და კოჭის დაზიანება მიიღო. საბედნიეროდ, ექიმები აცხადებენ, რომ სერიოზული არაფერია და კალათბურთელი მწყობრში მალე ჩადგება. ჯინჭარაძესთან ერთად დღეს არ უვარჯიშია სანდრო მამუკელაშვილს, რომელსაც ტერფი აწუხებს. ის OAKA-ს დარბაზში სავარჯიშო ფორმით იმყოფებოდა, თუმცა გართულებების თავიდან აცილების მიზნით არ უვარჯიშია. სანდროს შეამოწმებენ და თუ ყველაფერი რიგზე იქნება მის ხილვას პარკეტზეც შევძლებთ.
დღევანდელი დილის ვარჯიში საბერძნეთთან თამაშის კონკრეტულ კომბინაციებს მიეძღვნა. ფარში სროლასთან ერთად, იყო ტრადიციული მოთელვებიც. საბერძნეთის ნაკრებს ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუმცა როგორც ვარაუდობენ, დღევანდელ მატჩში, დასვენების მიზნით, მონაწილეობას არ მიიღებს ბერძნების სუპერვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო.
კიდევ ერთი კალათბურთელი, რომელმაც არ ივარჯიშა, ილია ლონდარიძე გახლდათ, რომელსაც ოჯახური ტრაგედია შეემთხვა, მამა გარდაეცვალა და ის ამაღამ თბილისში მოემგზავრება.