სან ანტონიომ ოკლაჰომასთან წააგო - მამუკელაშვილმა საკუთარ გუნდს მოხსნებში ულიდერა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსი” ,,ოკლაჰომა სიტი თანდერთან” სტუმრად 38-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:127 დამარცხდა.
,,სან ანტონიოს” ძირითად ხუთეულში ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 25 წუთში 11 მოხსნა (ყველაზე მეტი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში) და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
სანდრომ მეტოქის ფარისკენ 8-ჯერ ისროლა (3-ჯერ სამქულიანი), თუმცა ყველა მცდელობა არაზუსტი გამოდგა.
დღეს ითამაშა გოგა ბითაძის ,,ორლანდო მეჯიქმაც, რომელმაც ,,მილუოკი ბაქსთან” სტუმრად 18 ქულით, 99:117 წააგო.
ქართველმა ცენტრმა პარკეტზე გატარებულ 4 წუთში 2 ქულასა და 3 მოხსნას მოუყარა თავი.
,,ორლანდო” 46 მოგებითა და 34 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 პოზიციაზეა, ,,სან ანტონიო” კი 20 მოგებითა და 60 წაგებით დასავლეთში ბოლოა.
ქართველების გუნდები მომდევნო მატჩებს 13 აპრილს გამართავენ - ,,მეჯიქის” მეტოქე ,,ფილადელფია სიქსერსი” იქნება, ,,სპურსი” კი ,,დენვერ ნაგეთსს” დაუპირისპირდება.