Belive

სან ანტონიომ და ორლანდომ მოიგეს | ქართველებს სათამაშო დრო არ ჰქონიათ

1 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრები ჩაატარეს გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" და სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიო სპურსმა". ქართველების გუნდებმა გამარჯვება დაიტოვეს.

ორლანდომ საკუთარ "კია ცენტრში" რეგულარულის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი გუნდი, "დეტროიტ პისტონსი" მიიღო და 22 ქულის სხვაობით, 113:91 დაამარცხა. გოგა ბითაძემ მხოლოდ 3 წუთი და 13 წამი ითამაშა, ამ დროში ქართველმა ცენტრმა 2 ქულისა და 1 შედეგიანი გადაცემის მოგროვება შეძლო. გოგას თამაშიდან საერთოდ არ უსვრია. საჯარიმო ხაზზე 4-ჯერ იდგა და აქედან 2-ჯერ ჩააგდო.

ორლანდოს პაოლო ბანკერომ ულიდერა 29 ქულით, 8 მოხსნითა და 5 პასით. მასზე მხოლოდ 1 წუთით ნაკლები ითამაშა მეჯიქის ძირითადმა ცენტრმა, ვენდელ კარტერმა და 19 ქულა, 8 მოხსნა და 3 პასი გააკეთა. მთლიანობაში ორლანდოს უპირატესობა ეჭვქვეშ საერთოდ არ დამდგარა, ორლანდომ პირველი სამი მეოთხედი 4, 5 და 9-ქულიანი სხვაობებით მოიგო და გადამწყვეთ მეოთხედში ინტრიგა, თითქმის, მკვდარი იყო.

ზედიზედ მეორე თამაშის მოგება მოახერხა "სან ანტონიო სპურსმა", რაც საკმაო იშვიათობაა. გრეგ პოპოვიჩის გუნდმა "ინდიანა პეისერს" 117:105 აჯობა.

სანდრო მამუკელაშვილი პარკეტზე გადაწყვეტილ ანგარიშზე და თანაც 22 წამით შემოვიდა. ბრწყინვალე მატჩი ჰქონდა ფრანგ ვიქტორ ვემბანიამას, რომელმაც 31 ქულასთან, 12 მოხსნასა და 6 პასთან ერთად, 6-ჯერ დააფარა მეტოქეს.

სან ანტონიოს 61 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 13 მოგება აქვს და ისევ დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილოსანია. ორლანდო მეჯიქი 35 მოგებით აღმოსავლეთის ცხრილის მე-6 ადგილზეა და საპლეიოფო ზონაში რჩება.

სხვა სტატიები