სად გოგა და სად ზაიონი | რა ხდება ცნობილი ფოტოდან მეექვსე წელს?
6 წლის წინ, შეერთებულ შტატებში, პარალელურად მდგარი 2 სხვადასხვა მაგიდის თავში ორი კალათბურთელი იჯდა. საკონფერენციო დარბაზი სავსე იყო ჟურნალისტებით. როცა საქმე პირველ კომენტარზე მიდგა, დარბაზის მიზიდულობის ცენტრი შეიცვალა და აბსოლუტურად ყველა ამერიკელი სპორტსმენის ირგვლივ შეიკრიბა, ხალხის მასამ 198-სანტიმეტრიანი გიგანტი სრულად გადაფარა, მისი მასა ხალხისას დიდად არ ჩამორჩებოდა. ზაიონ უილიამსონი - 2019/2020 წლების NBA-ის პირველი პიკი, სიკაშკაშისგან იწვოდა.
ზაიონის მარცხნივ, ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე, ყველაზე ელიტარულ ლიგაში შესაბიჯებლად ემზადებოდა. გოგა მე-18 პიკად აირჩიეს, ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გადაიღო კადრი, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა - გოგა უყურებს, თუ როგორ ეხვევა თავს ყველა ზაიონს (მომავალ ვარსკვვლავს), თავად კი უყურადღებოდ, მხოლოდ ემოციური ფოტოს ანტაგონისტ პერსონაჟად გვევლინება. მაშინ ზაიონი "ნიუ ორლეანს პელიკანსმა" აიყვანა, გოგა კი "ინდიანა პეისერსმა".
ფოტოს მაშინვე მოჰყვა დიდი გამოხმაურება, მათ შორის NBA-ის უდიდესი ვარსკვლავებისგანაც - ისინი 19 წლის ქართველ ცენტრს მხარდაჭერას უცხადებდნენ და სამოტივაციო შინაარსის კომენტარებს უტოვებდნენ.
მან ეს ფოტო აუცილებლად უნდა შეინახოს - უყურე და გაწმინდე ის ყოველდღიურად - დრეიმონდ გრინი
საწვავად გამოიყენე - დუეინ უეიდი
საქმე იმაში არაა, თუ როგორ იწყებ, მთავარია როგორ ასრულებ. დაუმტკიცე მათ, რომ ცდებიან - ზაზა ფაჩულია
ეს ფოტო უდიდესი მოტივაციაა - ბემ ადებაიო
მედიამ პატივისცემის ნაკლებობა დაგვანახა, ამას არაფერი აქვს საერთო NBA-ის ტრადიციებთან და აწმყოსთან - ტელეკომპანია CBS-ის წარმომადგენელი, გარი პერიში - წერდნენ ცნობილები სოციალური ქსელის კომენტარებში
ამ ამბიდან 6 წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ მოლოდინი, თითქოს ზაიონი NBA-ის 'გადაატრიალებდა' არ გამართლდა. უდიდესი ტალანტისა და გაბარიტების მქონე კალათბურთელი ტრავმებმა გააწამა - როცა თამაშობს კარგი სტატისტიკა აქვს, თუმცა ეს ის არაა, რასაც მისგან ქმნიდნენ. დროის გასვლასთან ერთად უილიამსონის 'დიდება' ჩრდილქვეშ ექცევა. ბითაძის ახალ ეტაპზე გადასვლა კი სწორედ დრაფტიდან მეექვსე წელს იწყება და ამბავი, რომელზეც თავში ვისაუბრე უფრო და უფრო მეტ ადამიანს, ორგანიზაციასა თუ კლუბს ახსენდება.
სტატია არაა იმაზე, რომ გოგა ზაიონზე უკეთესი კალათბურთელი გახდა ან ოდესმე მოახერხებს ამის მიღწევას, უბრალოდ ქართველის აშკარა პროგრესმა 'ბედის ბორბლის' შეუცნობელ ტრიალზე ისევ დაგვაფიქრა. ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების მოყვანას, ამ ორი კალათბურთელის შესადარებლად, აზრი არ აქვს. ზაიონი საშუალოდ 3-ჯერ მეტ ქულას აკეთებს და ამით ყველაფერი ნათქვამია, თუმცა ეს ხდება მაშინ, როცა ამერიკელი თამაშობს და ის უფრო იშვიათად თამაშობს, ვიდრე ფეხის ტრავმით გამოწვეულ ტკივილს მკურნალობს. გოგა ინდიანადან "ორლანდო მეჯიქში" 2023/2024 წლების სეზონის მეორე ნახევარში გადავიდა და მას შემდეგ, გუნდის ძირითადი ცენტრობისთვის იბრძვის. ვენდელ კარტერის არყოფნაში ის ახერხებდა ეჩვენებინა ნაპერწკალი, რომელსაც აფეთქება შეუძლია. მიმდინარე სეზონში, ბითაძემ კარტერი ძირითადიდან ამოაგდო და 14 შეხვედრაში მოახერხა ორმაგის შესრულება, რაც იმაზე მეტია, რაც დანარჩენი 5 წლის განმავლობაში დაგროვილი ორმაგები.
ამ მომენტისთვის (2024/2025) გოგას ანგარიშზე 281 მოხსნა (8.5 საშუალოდ), 82 ასისტი, 54 დაფარება და 29 ჩაჭრაა. ზაიონს მხოლოდ 48 მოხსნა, 32 ასისტი, 7 დაფარება და 4 ჩაჭრა აქვს. უილიამსონი ძალიან ცოტას თამაშობს, თუმცა ფაქტია, რომ გოგას გაცილებით კარგი სეზონი აქვს და ობიექტურადაც, მისი დაცვითი ასპექტები (საშუალო სტატისტიკური მონაცემებით) ამერიკელზე უკეთესია.
ნიუ ორლეანსი ზაიონის შესაძლო ტრეიდზეც ალაპარაკდა, რომელიც 6 თებერვლამდე უნდა მოესწროს, თუმცა "გოლდენ სტეიტი", რომელიც უილიამსონის ახალ გუნდად მოიაზრებოდა, უკან იხევს, რადგან ამერიკელი ცენტრის ხელფასი 36 მილიონზე მეტია. საერთო ჯამში, უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, ზაიონმა ხელფასებით 78 მილიონზე მეტი გამოიმუშავა, მაშინ როცა გოგამ 16 მილიონზე ოდნავ მეტი აიღო.
NBA-ში 2019 წელს ერთად მისული ცენტრებიდან, დღეს ერთ-ერთის გაცვლა უნდათ, მეორე კი კარიერის საუკეთესო თამაშს სწორედ ახლა აჩვენებს - 6 წლის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა ფოტო, სადაც როლები გაცვლილია.