Belive

"საათობით ისროდა გატეხილ კალათში" - ორლანდომ გოგას მეზობლის ძველი კომენტარი გამოაქვეყნა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

გოგა ბითაძე 2019 წლიდან NBA-ში თამაშობს, თუმცა "ორლანდო მეჯიქში" მისი ამჟამინდელი მდგომარეობა საუკეთესოა ამ წლების განმავლობაში. გოგამ ორლანდოს ძირითადი ცენტრი, ვენდელ კარტერი შემადგენლობიდან ამოაგდო და ამის ფონზე, უკვე 12 შეხვედრაში შეძლო ორმაგი დუბლის შესრულება. ქართველის განსაკუთრებულ ფორმაში ყოფნას ამერიკელებიც ხშირად ეხმაურებიან X-ზე. არსებობს 2019 წლის დრაფტის ფოტო, სადაც საპრესკონფერენციო ოთახში გოგა ბითაძე და იმ დროისთვის პირველი პიკი, ზაიონ უილიამსონი სხედან, ყველა ჟურნალისტისა და ოპერატორის ყყურადღება სწორედ ამერიკელისკენაა მიმართული, ქართველი კი სრულიად მარტო, უყურადღებოდ არის მიტოვებული. კალათბურთის დიდი სახელები მაშინვე ამხნევებდნენ გოგას, რომ ეს ფოტო "საწვავისთვის" გამოეყენებინა, დღეს კი, როცა გოგა გაცილებით უკეთესად თამაშობს, ვიდრე უილიამსონი, ეს კადრი კიდევ ერთხელ გახდა პოპულარული.

ორლანდო მეჯიქმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარი, რომლის ავტორიც ამბობს, რომ გოგას მეზობელი იყო და ხედავდა, თუ რა თავგამოდებით ვარჯიშობდა ის ყოველდღიურად.

გოგა ჩემი მეზობელი იყო საქართველოში. ის დედასთან ერთად ოთახად ქცეულ ავტოფარეხში ცხოვრობდა. ზუსტად მის მოპირდაპირე ქუჩაზე მოედანი იყო, რომელსაც ბავშვები მუდამ ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდნენ. ყოველთვის, როცა ამ მოედანზე ფეხბურთის სათამაშოდ მივდიოდი, ვხედავდი როგორ იდგა ის გატეხილ ფართან და საათობით ისროდა ბურთს კალათში.

ასეთი შრომისმოყვარეობის შემდეგ, თუ ვინმე საკალათბურთო წარმატებას იმსახურებს, სწორედ ისაა და მისით ძალიან ვამაყობ - ვკითხულობთ კომენტარში

სხვა სტატიები