Belive

რეკორდების საღამო მადრიდში | რეალმა და მაკაბიმ შოუ დადგეს

3 კვირის წინ კალათბურთი
2 წთ

საკალათბურთო ევროლიგის 21-ე ტურში "რეალ მადრიდმა" საკუთარ არენაზე "თელ ავივის მაკაბის" უმასპინძლა და მეტოქე 116:113 დაამარცხა. მატჩი რამდენიმე კუთხით იყო გამორჩეული, დამყარდა ევროლიგის რეკორდები, სერხიო ლულის უდიდეს მიღწევას პატივი მიაგეს და კამპაცოს კარიერის საუკეთესო თამაში ჰქონდა.

ორმა გუნდმა ჯამში 229 ქულა ჩააგდო (ოვერტაიმის გარეშე) - ასეთი რამ, ევროლიგის რეგულარულ სეზონში, აქამდე არასდროს მომხდარა. წინა რეკორდი 224 ქულა იყო, 2003/04 წლების სეზონში - "ბოლონიასა" და "ჟალგირისის" შეხვედრაში.

დამყარდა კიდევ ორი რეკორდი - 120 ქულა მხოლოდ ერთ ტაიმში და 181 ქულა მესამე მეოთხედის შემდეგ. მაკაბიბ 26-დან 26-ვე საჯარიმო გამოიყენა, რაც კლუბის რეკორდი და ევროლიგაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია. რეკორდი აქ სწორედ რეალს ეკუთვნის, სამეფო კლუბმა, 2002 წელს, 36-დან ყველა საჯარიმო ზუსტად ისროლა.

რეალი მაკაბისთან შეხვედრაში

რეალის გამთამაშებელმა, ფაკუნდო კამპაცომ კარიერაში საუკეთესოდ შეფასებული მატჩში ჩაატარა - მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 43 იყო. მან 31 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა - არგენტინელი მატჩის საუკეთესო კალათბურთელი გახდა.

და ბოლოს, რეალისა და ევროლიგის ლეგენდას, სიმბოლური 426-ნომრიანი მაისური გადასცეს. მატჩს 8 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდა. სერხიო ლულს ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. აქამდე ეს რეკორდი (425 შეხვედრით) ამერიკელ კაილ ჰაინსს ეკუთვნოდა. სერხიო ლულის ევროლიგაში დებიუტი 2008 წლის 16 თებერვალს, ჟალგირისის წინააღმდეგ შედგა.

სხვა სტატიები