Belive

რატომ ცდილობდა გოგა ბითაძე საკუთარ კალათში ჩატენვას?

5 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი დაასრულა. ქართველებმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ნაკრები პარიზის ოლიმპიადაზე არ იქნება.

ჯგუფში, სადაც ჩვენ, ლატვია და ფილიპინები ვიყავით, სამივე გუნდმა მოგება-წაგების ერთნაირი ბალანსი დააფიქსირა. ლატვიამ საქართველოს 83:55 მოუგო, შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად, ლატვია ფილიპინების ნაკრებმა დაამარცხა (89:80), ხოლო საქართველომ ფილიპინებს 2 ქულის სხვაობით (96:94) მოუგო. მიღებული და ჩაგდებული ქულების ყველაზე უარესი შედეგის გამო საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა, ლატვია და ფილიპინები კი ნახევარფინალში გავიდნენ.

შეხვედრის ბოლო წამებზე, საკმაოდ იშვიათი საკალათბურთო შემთხვევა დაფიქსირდა, საქართველოს ნაკრებს აწყობდა, რომ საკუთარ კალათში 2 ქულა მიეღო და ეს გოგა ბითაძემ სცადა კიდეც.

საქმე ისაა, რომ შეხვედრის დაწყებამდე ვიცოდით: საქართველოს ნაკრებს ფილიპინებისთვის აუცილებლად 19-ქულიანი სხვაობით უნდა მოეგო, სხვა შემთხვევაში ჩვენი ჯგუფიდან გასვლის შანსი არ არსებობდა. შესაბამისად, ლოგიკურია, როცა 2 ქულით იგებ და ბოლო წამს ეს მოგება ხელს არ გაძლევს, ცდილობ თამაში ოვერტაიმში (დამატებით დროში) გადაიყვანო, რადგან თეორიულად შესაძლებელია, რომ დამატებით 5-წუთეულში 19 ქულით წინ გასვლა მოახერხო.

უნდა ითქვას, რომ გოგას ჩანაფიქრის შესრულების შემთხვევაში ეს ქულები გაუქმდებოდა, რადგან ფიბას 2022 წელს განახლებული წესების მიხედვით (წესი 16.2.3) - "თუ მოთამაშე შეგნებულად ჩააგდებს ბურთს საკუთარი გუნდის კალათში, ეს დარღვევაა და ქულები არ ითვლება".

სხვა სტატიები